ყველაზე არა-სპორტული ადამიანი, რომელსაც ოდესმე სადმე შევხვედრივარ ვარ მე! ვერ ვიტან და არ მაინტერესებს სპორტის არც ერთი სახეობა და მიმდინარეობა! არ მიტაცებს არც ფეხბურთი, არც კალათბურთი, არც რაგბი, არც ჰოკეი, არც კერლინგი, არც ჩოგბურთი - მოკლედ არ მიტაცებს არაფერი რაც სპორტს ეხება! ჩემი ბურთთან ურთიერთობის ფაქტები მხოლოდ ბავშვობის მოგონებებში თუ მოიძებნება, როცა “წრეში ბურთს” ვთამაშობდი. ბავშვობის წლებთან ერთან კი ბურთსაც გამოვემშვიდობე.
არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი საღამო ჩემი განვლილი საღამოებიდან. ის საღამო გამოირჩეოდა მოწყენილობით, იქ მიღებული შოკით და ბიჭების სიმრავლით. ამ საღამოს, მე სრულიად შემთხვევით და უადგილოდ აღმოვჩნდი ჩემი მეუღლის ძმაკაცებთან და იმ ძმაკაცების ძმაკაცებთან ერთად. O.M.G. !!! იმ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ბიჭებთან ერთად აპირებდა წასვლას სადღაც შარდენისკენ და “ცალ ყბად” შემომთავაზა წავსულიყავი მასთან ერთად. როცა მეუბნება, რომ ბიჭებთან ერთად მიდის სადღაც, არასდროს ვეკიდები და არასდროს მივყვები. თუმცა, იმ საღამოს, არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე წავყოლოდი და მენახა რით ერთობოდნენ ბიჭები გოგონების გარეშე! და საერთოდაც, ვერც კი წარმომედგინა, რომ ბიჭები გოგონების გარეშე გართობას შეძლებდნენ. ამიტომაც, ჩემი ეჭვების გასაქარვებლად და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მათთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. და აი, სად მივქარე!!
თავი მშვენიერ პატარა პარში ამოვყავი, თუმცა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი გოგო, ოფიციანტების გარდა ვიყავი მე! ეს ფაქტი უკვე მეხამუშა, თუმცა რაღას ვიზამდი. შესასვლელი კარის ზღურბლიდან, სიგარეტის ნისლში მოცურავე მაგიდას მოვკარი თვალი, სადაც ჩემი მეუღლის ძმაკაცები დავინახე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მაგიდას, მით უფრო იზრდებოდნენ ჩემი თვალები. საკმაოდ გრძელ მაგიდასთან 15მდე ადამიანი ისხდა და 15ვე ბიჭი! რამდენიმე ჩემთვის კარგად ნაცნობი დანარჩენი კი ჩემთვის უცნობი! იქვე მივხვდი, რომ სასიამუვნო საღამოს გატარებას ვერ მოვახერხებდი. ყველას მივესალმე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. “გამარჯობის” მეტი იმ დღეს არც არაფერი მითქვამს. სამაგიეროდ, 15 ბიჭს ენა არ გაუჩერებია! ხან რას ჰყვებოდნენ - ხან რას და პერიოდულად თვალს ჩემსკენ აპარებდნენ. თავიდან ვიფიქრე ალბათ ეუხერხულებათ ჩემი აქ ჯდომათქო, მაგრამ, როცა უკვე 15ვემ ერთდროულად გამომხედა და დაიღრიალა “გოოოოოოოოოლ!” მივხვდი, რომ ისინიი მე კი არა, ჩემს ზურგს უკან, კედელზე ჩემოკიდულ ტელევიზორს უყურებდნენ, სადაც ფეხბურთი გადიოდა!
ეს იყო სრულიან მამაკაცების სამყარო და სამფლობელო! სამყარო, სადაც გოგონებს არაფერი გვესაქმება! სამყარო სადაც მოიძებნება ადგილი ნებისმიერი ტიპის, წონის, სიმაღლის, “გაგების” და თმის ფერის ბიჭისთვის. ეს იყო ადგილი, სადაც ბიჭები შლიან ფრთებს: საუბრობენ სპორტზე, ჰყვებიან გულის-ამრევ ანეგდოტებს და განიხილავენ მოდელ და მსახიობ გოგონებს! ეს იყო ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა, სადაც ისინი ისეთი კომპეტენტურები იყვნენ ყველაფერში, როგორც არასდროს!
მე მათ “სისაყვარლეს” დიდ ხანს ვერ გავუძელი! მისვლიდან 40 წუთში, დიდი ბოდიში მოვიხადე და იქაურობა დავტოვე! დარჩენა არც არავის უთხოვია, რადგანაც იქ ყველაფერი ნათელი იყო: არასწორ დროს - არასწორ ადგილას აღმოვჩნდი!
მას შემდეგ, ჩემს თავთან დავდე პირობა, რომ არასდროს, არასდროს, აააარასდროს აღარ წავალ იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის! და თქვენც იგივეს გირჩევდით!
პ.ს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მე და სპორტი კი ვართ “ნაჩხუბრები”, თუმცა თვალზე მაინც სიამაყის ცრემლი მომადგა, როცა ჩვენმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგე გუნდი 46 : 0 დაამარცხეს!
No comments:
Post a Comment