Tuesday, April 10, 2012

ერთი უხერხული ამბავი...


თქვენ არც კი იცით, მაგრამ დედამიწაზე ამაყად დააბიჯებს ერთი, უკვე 50 წელს მიტანებული, გემრიელი ქალი, რომელსაც ახლობლები, მეგობრები – ფასოს ეძახიან. Just ფასო! :))
ჩვენი ფასო დაიბადა და გაიზარდა ტყიბულის რაიონის, რომელიღაც სოფელში.  სტუდენტობის ასაკმა, რომ მოუწია, მშობლებმა რაღაც თანხა მოუგროვეს და თბილისში, ცოდნასთან საზიარებლად გამოაგზავნეს. ფაცოს თბილისში შეძლებული და გავლენიანი ნათესავი ცხოვრობდა და ფასოც ამ ნათესავის ოჯახში სიხარულით მიიღეს.
ფასო ერთი შავტუხელა და რბილად რომ ვთქვათ შეუხედავი გოგონა იყო. თუმცა, ძალიან მხიარული და კეთილი გულის პატრონი გახლდათ. მან მალევე გაიჩინა სასწავლებელშიც და სამეზობლოშიც მეგობრები და თავი ყველას შეაყვარა.
თუმცა, არსებობდა ერთი ადამიანი – რომლის გულიც ფასომ ვერაფრით მოინადირა. ეს იყო – მისი მეგობრის უფროსი ძმა – ტარიელი! ტარიელი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, კარგი ოჯახის შვილი, მაღალი და სიმპატიური ბიჭი გახლდათ. გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ და ცხადია, საკმაოდ ამპარტავანი,ტარიელი საბრალო ფასოს ძაღლადაც კი არ აგდებდა!
ერთ მშვენიერ დღეს, ტაიელის სახლის კარზე ზარი გაისმა. სტუმრის ვიზიტმა მთელი ოჯახი, განსაკუთრებით კი ტარიელი სრულ პანიკაში ჩააგდო! კართან ახალგაზრდა გოგონა იდგა და კარგად წამოზრდილ მუცელზე ტარიელს თითს უკაკუნებდა!  ჰოი! საგონებელში ჩაცვივდა ტარიელი და მისი ოჯახი! იმ უზნეო და უსირცხვილო გოგოს სახლში შემოშვება იქნებოდა?! ხო დაესხმებოდა ოჯახს თავზე ლაფი! ხო შერცხვებოდა მთელი მათი მოდგმა! საჭირო იყო სწრაფი და ჭკვიანური რეაგირება! საჭირო იყო ორსული გოგონას შეჩერება, რომელიც ასე „უსირცხვილოდ“ ცდლობდა ამ ბრწყინვალე ოჯახში შეტენვას! ბევრი ფიქრისა და სხჯა ბაასის შემდეგ ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო: ტარიელს სასწრაფოდ უნდა შეერთო ცოლი! მხოლოდ, კარგი ოჯახისშვილი, პატიოსანი და განათლებული.
ამასობაში, ფასოს საზაფხულო არდადეგები დასწყებოდა თურმე და სოფელში წასასვლელად ემზადებოდა, როცა, სახლში ტარიელი მიეჭრა! ფასო ყოფილა შოკში – როცა ტარიელმა მის წინ დაიჩოქა და სირცხვილისგან, თუ სიხარულისგან სულ მთლად გაწითლებულ ფასოს ცოლობა სთხოვა!  ფასოს შედეგებზე არც კი უფიქრია, იმ წამსვე თანხმობა განუცხადა პრინც ტარიელს და მეორე დღესვე შეუდგა ქორწილისთვის მზადებას.  აფრთხილებდნენ და ეუბნებოდნენ თბილისელი ნათესავები, რომ არ გაჰყოლოდა ცოლად ტარიელს, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ფასოს არაფერის გაგონება არ სურდა!
დიდი ქორწილი იმ ზაფხულსვე უზეიმიათ! ფასო ყოფილა „გამოკვეტილი“ თეთრ გრძელ კაბაში და უსაზღვროდ ბედნიერი. თუმცა, მისმა ბედნიერებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა!
ყველას გასაოცრად, ერთ მშვენიერ (თუ დასაწვავ, ვისთვის როგორ) დღეს ფასო სახლში აზლუქუნებული დაბრუნდა. მისი ლოყები ამჟამად ცრემლებისგან  აწითლებულიყვნენ! სახლის ფანჯრიდან გახედვაც კი რცხვენოდა საცოდავ ფასოს, რადგან მის ძვირფას ტარიელს გაუგონარი და უკადრებელი უკადრებია! :)
უფრო ზუსტად კი, ტარიელს ხმა გაუვრცელებია: ფასო სახლიდან უნდა გავაგდო – არც მეტი, არც ნაკლები – მინეტი გამიკეთაო!!!!!!!!!!!!!!!!!!
(ღმერთო როგორ მეცინება ამ ისტორიაზე!!!) 
განადგურებულ, შერცხვენილ, თავზე ლაფ დასხმულ და სახელ გატეხილ ფასოს, სხვა რა გზა ჰქონდა?! – დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და როგორღაც გააგრძელა ცხოვრება! დრო გავიდა და ოჯახმა ერთი კარგი ქვრივი კაცი გაურიგა, სოფელ ფარცხანაყანებიდან! ფასოსაც დასაკარგი რაღა ჰქონდა?! გაჰყვა ცოლად საკმაოდ შეძლებულ და სიმპატიურ ქვრივს. გაუზარდა ორი შვილი, თვითონაც გაუჩინა ბიჭი და ახლა ფასო ძალიან ბედნიერია! ისევ ისეთი ხალისიანი, ლაღი და წითელ–ლოყება ქალია – 30 წლის წინ რომ იყო.
ტარიელი კი, როგორც ვიცი დღემდე უცოლოა. თუმცა შვილი, რომელსაც „უწესო“ გოგოსგან ელოდებოდა, მაინც უღიარებია შვილად და გარკვეულ წილად მამობა გაუწევია....
აბა, მე რომ არ მეთქვა, განა გეცოდინებოდათ, რომ ფარცხანაყანებში, მაინც ამაყად დააბიჯებს, 50 წელს მიტანებული ერთი გემრიელი და მხიარული ქალი, რომელსაც ახლობლები ფასოს ვეძახით!

პ.ს. ტარიელის პიროვნების შესაფასებლად, ვფიქრობ ერთი სიტყვა ქართული ლექსიკონიდან ზედ გამოჭრილი იქნება! თუმცა, „ცუდი სიტყვისგან“ თავს შევიკავებ! :)))

მინდა...




სულის ხორცგან გამოსვლა მგონია, რომ ვიგრძენი...
ჩემს სხეულში თავისუფლად თითქოს ვეღარც ვინძრევი.
მინდა გავქრე, წამით მაინც, დავასვენო გონება,
მინდა, ცუთით მაინც მქონდეს სრულყოფილი ცხოვრება.
ცას მინდა, რომ გავსცდე ფრენით, ხელით ვიგრძნო ღრუბლები,
მერე, უკვე აღარასდროს აღარ მოვიღრუბლები.
მინდა, წვიმად გადავცვალო ჩემგან ღვრილი ცრემლები,
მინდა, მინდა, ჩემზე სწერდნენ პოეტები... მწერლები!
მინდა, ერთხელ მაინც მოვხვდე გამოგონილ ზღაპარში,
მინდა, სურვილს მისრულებდეს – ჯინი – ოქროს ლამპარში.
მინდა, ჩემი ოცნება მიხდებოდეს წამში,
მინდა, სახლი – ერთი ზღვასთან, მეორე კი მთაში.
მინდა, მინდა, ჯანმრთელობა და ულევი ჯანი,
მინდა, მქონდეს ქერა თმები და მაგარი ტანი!
მინდა, ჩიტებს ვეჟღურტულო იმათსავე ენით,
მინდა, შვილმა დამახრჩოს კოცნითა და ხვევნით.
მინდა, ჩემი დაკარგული მხარეცა და მიწაც,
„მშობლიურო ჩემო მიწავ“ – მეც შენს სახელს ვფიცავ.
მინდა, ჩაის დასალევად ვიხმო ვაჟა... ილია...
მინდა, მათთან განვიხილო დრო რომ გადაირია...
ბევრი გადავლილია...
ღმერთი გადაღლილია...
დედამიწა არ გაჩერდეს, აღარავინ ჩავიდეს!
მინდა, ვირი ხეზე ერთხელ, ხტუნვა–ხტუნვით ავიდეს!
პარასკევ დღეს, კატა შესწვდეს ძეხვს დაკიდულს მაღალზე,
მინდა არვინ გამეღობოს ჩემს გზაზე და სავალზე.
მინდა, ნაცარქექიამ არ აწამოს დევი,
მინდა, ისევ შუქის ხაზი მეორე და „ლევი“.
მინდა, ქვეყნად აღარავის აღარ ჰყავდეს „ჟიგული“,
მინდა, ძველი „გაგება“ – ქართული და „ჯიგრული“.
მინდა, ვინმემ მაჩუქოს 8 მარტს მართვის მოწმობა,
მინდა, ისევ ხდებოდეს სამსახურში „მოწყობა“.
მინდა, ყველას თვალზე შეშრეს ცრემლის თბილი ღვარი,
მინდა, ცუდმა მოგონებამ არ დატოვოს კვალი.
მინდა, თმები შევუღებო ჩვენს ჭაღარა თბილისს,
მინდა, შაშვის სტვენა ვნახო და ნახტომი ირმის.
მინდა, მინდა, მინდა ბევრი, მინდა სულთა ცხონება,
მინდა, სუფთად, ლაღად გავვლო დარჩენილი ცხოვრება!

Thursday, April 5, 2012

I Just wanna Live forever! - ანუ, მიქელ გაბრიელ გა***ი...


ხშირად, ძალიან ხშირად მიფიქრია სიკვდილზე... დღეს კი ეს თემა ჩემთვის იმაზე ახლოა ვიდრე ოდემე ყოფილა. 
 რატომ გვიღირს ქვეყანაზე მოსვლა იმად, რომ საბოლოოდ მიწაში ჭიებმა გვჯიჯგნონ?! რა უნდა შევქმნათ, რა გავაკეთეთოთ, რომ ჩვენი სახელი, სული ვუკვდავყოთ?! როგორ ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლეშივე დავსძლიოთ სიკვდილი?! რა რჩება ჩვენგან როცა მივდივართ?!  
ნუთუ სამართლიანია გააჩინო შვილი – რომელსაც შენ წირავ (გაუცნობიერებლად) ათასი ტანჯვისთვის, წამებისთვის, იმედგაცრუებითვის, ტყუილისთვის, ბოროტებისთვის, შურისთვის და საბოლოოდ სიკვდილისთვის.
დღეს–ხვალ–ზეგ, ოდესღაც ყველა მოვკვდებით და გავუყვებით იმ განთქმულ შავ და გრძელ გვირაბს. ალბათ, ეს იქნება უკანასკნელი გზა, რომელსაც გავივლით... გვირაბის ბოლოს, როგორც ვიცით შუქია! იმ შუქში, (ჩემი აზრით) სამი წვერიანი ბაბუა ზის... მათ თავთან კი უუუუზარმაზარი LCD ტელევიზორი ჰკიდია.  ალბათ ვიდგებით ატუზული, შეშინებული, გაყინული და გაფართოვებული თვალებით მივაშტერდებით ეკრანს. იქ გავა სპეციალური, ჩვენთვის პერსონალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ასახული იქნება ჩვენი დაბადებიდან – გვირაბამდე განვლილი ყველა გზა და მნიშვნელოვანი „ივენთი“.   ეჰ... თურმე რამდენი რამ დაგვვიწყნია, რამდენი მიგვიქარავს... რაგაცის შეგვრცხვება და იმედია, რაღაცით ვიამაყებთ...
ფილმის მოკლე მეტრაჟით კარგად სჩანს, თუ რაოდენ მოკლე ყოფილა წუთისოფელი. მართლაც წუთი...
ფილმის ნახვის შემდეგ, მოეწყობა დებატები, განხილვა... ჩვენს შეცდომებს – რასაც გონივრულ და დამაჯერებელ ახსნას მოვუძებნით,  მიგვეტევება. ხოლო, რასაც ვერ – საჯარიმო ქულასავით მიგვეწერება.
შემდეგ, ამ ქულებს დააჯამებს კომპეტენტური ჟიური სამი ბაბუის თაოსნობით და გამოგვიტანენ კიდეც განაჩენს: წავიდეთ მარჯვნივ და ზევით, თუ მარცხნივ და ქვევით...
ეს ალბათ იქნება ყველაზე რთული პროცედურა რაც კი ოდესმე გაგვივლია... იმაზე უფრო დამღლელი, ვიდრე ბანკის რიგში დგომაა და იმაზე  უფრო საშიში, ვიდრე სტომატოლოგთან ვიზიტი.
აი მითხარით, რა გავაკეთო და როგორ, რომ გვირაბს ავცდე? თუ გვირაბს ვერ ავცდი, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ სამი ბაბუის რისხვას გადავურჩე და წავიდე მარჯვნივ და ზევით?! 10 ცნება დავიცვა? – ვეერ, უკვე შემომერღვა რამდენიმე მათგანი... 
ან, იქნებ უკვდავების წყარო მომეძებნა, დამემარცხებინა ცხრა–თავიანი  გველეშაპი და ვყოფილიყავი მუდმივი.... მაგრამ, ეგეც რთული მოსახერხებელია...
მოკლედ, მეშინია! ძალიან მეშინია სიკვდილის! ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და დღეს კი ეს თემა ჩემთვის იმაზე უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა!