Sunday, March 25, 2012

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!!!


რა არის სილამაზე? – არის ეს თანდაყოლილი ღვთის საჩუქარი? პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარი? თუ, უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის შედეგი?
ვუცქერთ ტელევიზორში, ინტერნეტ საიტებსა თუ ჟურნალ–გაზეთებში მსოფლიო ვარსკვლავებს და ხან „თეთრი“ და ხანაც „შავი“ შურით ლამის გულზე ვსკდებით.  მათ ხომ ისეთი მოვლილი სახის კანი, ისეთი ხარისხიანი და ლამაზი თმა, ბრტყელი მუცლები და ლამაზი სხეული აქვთ! ისინი, ხომ თითქმის სრულყოფილებანი არიან!
შემდეგ იხედები სარკეში! თითქოს უფრო გამადიდებელი შუშით უწყებ საკუთარ თავს შეფასებას. და მათთან შედარებით შენს თავში უამრავს ნაკლს პოულობ!  – თუმცა საქმე ესე რთულად როდია? მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს!  მეც, შენც და ნებისმიერ ცნობილ ვარსკვლავს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.სწორედ, ამ ყველაფრის კომბინაციის ხარჯზე ვართ გამორჩეულები და განსაკუთრებულები.  ნაკლი უკლებლივ ყველას გვაქვს. ერთადერთი უნაკლო, კი ამ ცოდვილ მიწაზე ვინც იყო,  კარგად ვიცით!
იქნებ სილამაზე – ლამაზი სულია! თუ შენ ხარ სუფთა შინაგანად. თუკი ადამიანებს ყოველდღე უნაწილებ ულევ სითბოსა და სიყვარულს, თუ გიყვარს სიცოცხლე და შენს შინაგან სამყაროში ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს – მაშინ, შენ ალბათ ასხივებ სილამაზეს. 
თუმცა, მამაკაცები ბავშვებივით არიან! რაც ლამაზად და თვალისმომჭრელად ბრწყინავს სწორედ ის ჰგონიათ ოქრო და მომენტალურად იწყებენ ამ ძვირფასეულობის მოსაპოვებლად ბრძოლას, იმის შიშით, რომ ვიღაცამ არ წაართვას. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ხელში შეიძლება ბიჟუტერია შერჩეთ, რომელსაც დროთა განმავლობაში გადაუვა ის ბრწყინვალე ფერი და მათგან იაფფასიანი, გახუნებული მეტალი დარჩება, რომელიც თუ არ შეღებე და თუ ისევ ოქროში არ ამოავლე აღარაფრად ვარგა!
მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა საკუთარ გარეგნობას არ უნდა მიხედო! უნდა მიხედო და მოუარო საკუთარ „მე“–ს, პირველ რიგში შენი სიამუვნებისთვის!  უნდა აკონტროლო წონაც, სიარულიც, თმის ხარისხიც...  უნდა დაიცვა დიეტაც, როცა ამის საჭიროება არსებობს და უნდა მიმართო პლასტიკურ ქირურგსაც, თუ, რაღა თქმა უნდა, ამის საშუალება  გაქვს. იცოდე „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ოპერაცია  გაიკეთა შორენა ბეგაშვილმა – თუ ის დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურება!

ასეა, თუ ისე, გარეგნული სილამაზე მაინც წარმავალია! გავა წლები და რა დარჩება ჩვენი ნავარჯიშევი სხეულისგან და დაბერილი ტუჩისგან?! დაგვრჩება დამჭკნარი, დაბერებული ანარეკლი ძველი სარკიდან. მაგრამ, მაინც! მაინც ვიზრუნოთ გარეგნულ სილამაზეზე და არ დავივიწყოთ ჩვენი სული! „ლამაზ სხეულში – ლამაზი სულია“ –ო ნათქვამია და ჩვენც გავიხადოთ ეს ანდაზა ჩვენი ცხოვრების ერთერთ ძირითად ღერძად!
ე.ი.  სილამაზე ყოფილა: თანდაყოლილი ღვთის საჩუქარიც, პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარიც და უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის შედეგიც! მთავარია სურვილი, მონდომება და პატარა მსხვერპლი – რადგან „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“





Beyonce - მე აღფრთოვანებაში მოვყავარ მის გრაციოზულობას. თუმცა,  მე რომ მაგ წონის პატრონი ვიყო , ალბათ თავს მოვიკლავდი!

Britney Spears –ეს არც მაკიაჟით მომწონს და რა თქმა უნდა არც მის გარეშე!

 
 
J.Lo - ჩემი აზრით, საქართველოსი "ყრია" მისნაირი გარეგნობის მქონე ქალები!

 
 
BARBARA - დაბერდა... რა ქნას!

Add caption









ესენი უმაკიაჟოდაც ლამაზები არიან:

Angelina Jolie


Jessica Alba
შენ ! :)



Saturday, March 24, 2012

როგორ ვიცხოვროთ იაფად?!


ფულით  ყველაფერს ვერ იყიდი! – სამაგიეროდ, იყიდი თითქმის ყველაფერს!
დღეს დილითაც ფულზე ფიქრში გავეღვიძა – ნუ უკვე მარაზმია! არ შეიძლება მუდმივად ვფიქრობდე და ვოცნებობდე ერთი და იგივე რამეზე! ისე ვარ მისი შოვნის წყურვილით შეპყრობილი, რომ აღარ ვიცი რა ხერხს მივმართო! თავში ჩამომწკრივებული მაქვს ბიზნეს–იდეების მთელი რიგი, თუმცა ვერ ვახერხებ ვერც ერთის განხორციელებას, რადგან მსჭირდება ერთი რაღაც – ფული!
ამას წინათ, ერთ–ერთ საიტზე აღმოვაჩინე შარვალი, ზედა და პატარა ქლათჩი. მთელი ეს „სეტი“ ძალიან მომეწონა და ვიფიქრე იქნებ სეილზე გამოვიწეროთქო, რადგან არა–სეილზე ვიცოდი ვერაფრით გავწვდებოდი.
მაღალ ფასს ასეც და ისეც ველოდი, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და როცა მათი ფასები ვნახე კინაღამ ტირილი დავიწყე:  
 Fendi-ს ძალიან სადა, ყვითელი ბლუზა, გრძელი სახელოებით – $790!!
Vionnet–ის (არის ესეთი ბრენდი) – ვარდისფერი, კოჭთან ჩავიწროვებული შარვალი, სულ რაღაც –  $940!!
ხოლო, Dooney & Bourke- ის ფირუზისფერი, პატარა ქლათჩი – $198!!
მიდოდა... მინდოდა მეტირა, მეყვირა, მეჩხუბა! მინდოდა გამელანძღა ყველა ვისაც ამ – ჩემთვის  ფუფუნების საგნებზე – ხელი მიუწვდება. მაგრამ, თავი ხელში ავიყვანე! მშვიდად მოვშორდი ჩემს ლეპტოპს, მივედი ჩემს ჩანთამდე და ჩავხედე ჩემს საფულეს. საფულეში კარგად მივიჩხრიკ–მოვიჩხრიკე და მოვაგროვე მთეეელი 100 ლარი!
ჰმ... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!
შოპინგის სურვილით შეპყრობილმა, არც მახსოვს რა და როგორ ჩავიცვი და ფეხით დავიარე თბილისის თითქმის ყველა მაღაზია და ჰოი, საოცრებავ! თქვენ წარმოიდგინეთ ვიპოვნე! დიახ, დიახ! ვიპოვე ჩემი აწყობილი „სეტი“.  ნუ მთლად ის არ იყო თუმცა ერთმანეთს საოცრად ჰგვანან! მე ეს შევძელი და არც თუ ისე ძვირი დამიჯდა ძვირფასი ბრენდებისთვის შემცვლელის პოვნა! იმ დღეს  უუბედნიერესი ვიყავი! სახლში გამარჯვებული და ამაყი ვბრუნდებოდი და თან მხიარულად მოვაფრიალებდი პარკებს, ზედ იაფფასიანი მაღაზიების სახელების წარწერით. 
იმ დღეს შევიძინე:
 ყვითელი, ძალიან სადა ბლუზა, გრძელი მკლავებით, თუმცა გაურკვეველი ფირმის – 15 ლარი.
ვარდისფერი, ძალიან ლამაზი, ზაფხულის შარვალი, ასევე გაურკვეველი ფირმის – 20 ლარი.
და ფირუზისფერი Salvatore Ferragamo -ს ძალიან ლამაზი რეპლიკა ქლათჩი – 40 ლარი.
15 + 20 + 40 = 75 – 75 ლარად ჩავიცვი და დავიხურე! და რა კარგია, ფული იმისთვისაც მომრჩა სალონში შევსულიყავი და ფრჩხილები წესრიგში მომეყვანა!
აი, ასე! „ვინც ეძებს – ყოველთვის პოულობსო“ – თურმე მართალი ყოფილა! ამიტომ, როცა „თავს ზემოთ ძალა არ არის“ მაშინ, „საბანი იქამდე უნდა დაიხურო სადამდეც გაგწვდებაო“! :)) მიხვდიით! ანუუ, „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო – სკამი მიიდგა და ისე ჩამოიღოო!“ – ვოტ ტაკ!




ინტერნეტში ნანახი:
















ჩემი "2 ლარიანები" :))))















Sunday, March 18, 2012

No Girls Allowed!


ყველაზე არა-სპორტული ადამიანი, რომელსაც ოდესმე სადმე შევხვედრივარ ვარ მე! ვერ ვიტან და არ მაინტერესებს სპორტის არც ერთი სახეობა და მიმდინარეობა! არ მიტაცებს არც ფეხბურთი, არც კალათბურთი, არც რაგბი, არც ჰოკეი, არც კერლინგი, არც ჩოგბურთი - მოკლედ არ მიტაცებს არაფერი რაც სპორტს ეხება! ჩემი ბურთთან ურთიერთობის ფაქტები მხოლოდ ბავშვობის მოგონებებში თუ მოიძებნება, როცა “წრეში ბურთს” ვთამაშობდი. ბავშვობის წლებთან ერთან კი ბურთსაც გამოვემშვიდობე.
არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი საღამო ჩემი განვლილი საღამოებიდან. ის საღამო გამოირჩეოდა მოწყენილობით, იქ მიღებული შოკით და ბიჭების სიმრავლით. ამ საღამოს, მე სრულიად შემთხვევით და უადგილოდ აღმოვჩნდი ჩემი მეუღლის ძმაკაცებთან და იმ ძმაკაცების ძმაკაცებთან ერთად. O.M.G. !!! იმ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ბიჭებთან ერთად აპირებდა წასვლას სადღაც შარდენისკენ და “ცალ ყბად” შემომთავაზა წავსულიყავი მასთან ერთად. როცა მეუბნება, რომ ბიჭებთან ერთად მიდის სადღაც, არასდროს ვეკიდები და არასდროს მივყვები. თუმცა, იმ საღამოს, არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე წავყოლოდი და მენახა რით ერთობოდნენ ბიჭები გოგონების გარეშე! და საერთოდაც, ვერც კი წარმომედგინა, რომ ბიჭები გოგონების გარეშე გართობას შეძლებდნენ. ამიტომაც, ჩემი ეჭვების გასაქარვებლად და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მათთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. და აი, სად მივქარე!!
თავი მშვენიერ პატარა პარში ამოვყავი, თუმცა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი გოგო, ოფიციანტების გარდა ვიყავი მე! ეს ფაქტი უკვე მეხამუშა, თუმცა რაღას ვიზამდი. შესასვლელი კარის ზღურბლიდან, სიგარეტის ნისლში მოცურავე მაგიდას მოვკარი თვალი, სადაც ჩემი მეუღლის ძმაკაცები დავინახე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მაგიდას, მით უფრო იზრდებოდნენ ჩემი თვალები. საკმაოდ გრძელ მაგიდასთან 15მდე ადამიანი ისხდა და 15ვე ბიჭი! რამდენიმე ჩემთვის კარგად ნაცნობი დანარჩენი კი ჩემთვის უცნობი! იქვე მივხვდი, რომ სასიამუვნო საღამოს გატარებას ვერ მოვახერხებდი. ყველას მივესალმე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. “გამარჯობის” მეტი იმ დღეს არც არაფერი მითქვამს. სამაგიეროდ, 15 ბიჭს ენა არ გაუჩერებია! ხან რას ჰყვებოდნენ - ხან რას და პერიოდულად თვალს ჩემსკენ აპარებდნენ. თავიდან ვიფიქრე ალბათ ეუხერხულებათ ჩემი აქ ჯდომათქო, მაგრამ, როცა უკვე 15ვემ ერთდროულად გამომხედა და დაიღრიალა “გოოოოოოოოოლ!” მივხვდი, რომ ისინიი მე კი არა, ჩემს ზურგს უკან, კედელზე ჩემოკიდულ ტელევიზორს უყურებდნენ, სადაც ფეხბურთი გადიოდა!
ეს იყო სრულიან მამაკაცების სამყარო და სამფლობელო! სამყარო, სადაც გოგონებს არაფერი გვესაქმება! სამყარო სადაც მოიძებნება ადგილი ნებისმიერი ტიპის, წონის, სიმაღლის, “გაგების” და თმის ფერის ბიჭისთვის. ეს იყო ადგილი, სადაც ბიჭები შლიან ფრთებს: საუბრობენ სპორტზე, ჰყვებიან გულის-ამრევ ანეგდოტებს და განიხილავენ მოდელ და მსახიობ გოგონებს! ეს იყო ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა, სადაც ისინი ისეთი კომპეტენტურები იყვნენ ყველაფერში, როგორც არასდროს!
მე მათ “სისაყვარლეს” დიდ ხანს ვერ გავუძელი! მისვლიდან 40 წუთში, დიდი ბოდიში მოვიხადე და იქაურობა დავტოვე! დარჩენა არც არავის უთხოვია, რადგანაც იქ ყველაფერი ნათელი იყო: არასწორ დროს - არასწორ ადგილას აღმოვჩნდი!
მას შემდეგ, ჩემს თავთან დავდე პირობა, რომ არასდროს, არასდროს, აააარასდროს აღარ წავალ იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის! და თქვენც იგივეს გირჩევდით!


პ.ს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მე და სპორტი კი ვართ “ნაჩხუბრები”, თუმცა თვალზე მაინც სიამაყის ცრემლი მომადგა, როცა ჩვენმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგე გუნდი 46 : 0 დაამარცხეს! 


Thursday, March 15, 2012

მე ქალი ვარ და არც ჭურჭლის მრეცხავი და არც გამოფიტული Barbie!



“მე ქალი ვარ და არა ჭურჭლის მრეცხავი!” - ეს არის უსასაცილოესი სლოგანი, თუ არ ვიცი რა ვუწოდო ერთ-ერთ რეკლამაში. მართლაც, ძაან მაცინებდა ყოველთვის ეს სულელური წინადადება! მაგრამ, ეხლა ძალიან სულელურად დავფიქრდი ამ სისულელეზე! ნეტავ, მართლა? ანუ, თუ ჭურჭლის მრეცხავი ხარ ვერ იქნები ქალი?! ანუ, უფრო კონკრეტულად - ქალები ჭურჭელს არ რეცხავეენ?! :)
არა, ნუ, რა თქმა უნდა რეცხავენ, მაგრამ თუ ქალი დღე და ღამ რეცხავს შვილების სამოსს, ქმრის “ნასკებს,” სამაზრეულოს კარს არ სცილდება, აკეთებს სადილებს, არ აქვს სამსახური, გარეთ გადის მხოლოდ პროდუქტებზე და ოთახში მხოლოდ ღამით, ისიც დასაძინებლად შედის, ის უკვე ქალი აღარ არის - ის ჭურჭლის მრეცხავია!
ასეთ დროს, ყველანი ერთ ხმად შევსძახებთ ამ უბედური ქალის მისამართით : “საბრალოოოოო!” ქალი კარგავს თავის ქალობას და ქალურობას და ემსგავსება შინა მოსამსახურეს. ის ყველაფრის მიუხედავად უყვართ შვილებს, უყვართ დაქალებს. მასთან მოდიან საღამოობით მეგობრები ფინჯან ყავაზე და საკუთარ პრობლემებს უზიარებენ! მასთან ყველა გახსნილია! მისთვის გულის გადაშლა უადვილესია! ის ისმენს ათას ჭორს, ათას ტყუილ-მართალს და რისკი იმისა, რომ ის სადღაც რაღაცას წამოაყრანტალებს და შენს საიდუმლოს გასთქვამს, არის ნული - ის ხომ არსად დადის!
მისი დამოკიდებულება ქმართან ცოტა რთული თემაა! კაცსაც გააჩნია! თუ გაუმართლა და კარგი ბუნების ქმარი შეხვდა, მაშინ მათი ურთიერთობა ერთფეროვნების ხარჯზე ჰარმონიულია. ქმარი მუშაობს, შინ დაღლილი ბრუნდება. მიირთმევს სადილს, უყურებს ტელევიზორს, წვება და იძინებს. მაგრამ, ვააააი! ვაი, თუ არ გაუმართლა და ბედმა ცუდი და მძიმე ხასიათის კაცი არგუნა. ჩვენი ჭურჭლის მრეცხავი ყველანაირად ცდილობს ასიამუვნოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს მაგრამ, არასდროს გამოსდის! მის უჟმურ ქმარს არც მისი გარეცხილი მოსწონს, არც მისი გახეხილი... არც მისი გაკეთებული სადილი და არც ნამეცადინები ბავშვი! მათ ოჯახში მუდმივი დაძაბულობაა.
“ჭურჭლის მრეცხავი ქალი” - არ უვლის თავის გარეგნობას. აქვს მაგრამ დიდად არ აწუხებს ზედმეტი კილოგრამები. ხმარობს იაფ ფასიან სუნამოს, რომელსაც მეგობრების დაბადების დღეებზე ისხამს მხოლოდ და რომელსაც “სულზე უტკბესი” სუნი აქვს. :) მისი ვარცხნილობაც მუდამ ერთნაირია. ძირითადად მოკლე ან უკან კარგად დამაგრებული და აწეული, ძირებში უკვე შესაღები. მისი “კარადა” კი სულ რამდენიმე, თურქული ან ჩინური წარმომავლობის კაბას ითვლის.
ნწ... ძალიან ცუდია... არცერთ ქალს არ ვუსურვებდი ამ ამპულაში აღმოჩენას.
არის მეორე უკიდურესი მხარე. ქალი, რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება გამოფიტულ თოჯინა “ბარბის”. ის მუდამ მოვლილია, მუდამ ფორმაშია. ადვილად იხდენს სხვა და სხვა ვარცხნილობას. ისხამს მხოლოდ ყველაზე ძვირიან, ყველაზე მოდურ და რაღა თქმა უნდა ფრანგულ სუნამოს, რომელიც არაერთი აქვს... მისი გარდერობი სავსეა ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით: Chanel, YvesSaintLaurent, Versace, Prada, Dior, Alexander Mcqueen და ა.შ.
“გამოფიტული ბარბი” დადის სალონში დღე გამოშვებით. აქვს საკუთარი მაღაზია, ან სალონი, ან “სვეცკი” კაფე. ჰყავს უამრავი ნაცნობი და მეგობარი. არ აკლდება წვეულებებს და არასდროს არის სახლში. ჰყავს დამლაგებელი, ძიძა ბავშვებისთვის, მძღოლი და კიდევ ათასი დამხმარე. მას არასდროს გაუკეთებია სადილი, არასდროს გაურეცხავს ქმრის ტანისამოსი, არ გაუთევია არც ერთი ღამე შვილისთვის, არ გაუსეირნებია მისი დეკორატიული ძაღლი. თუმცა, “ჭურჭლის მრეცხავივით”, ოთახში ისიც მხოლოდ ღამით და მხოლოდ დასაძინებლად შედის, რადგან გული ერევა თავის ფულის ტომარა მეუღლეზე!
მას ვერ დაელაპარაკები გულიანად! ვერ გაუმხელ რაღაც საიდუმლოს, ვერ ანდობ ჭორს. თუმცა, ჭორები ის ერთ-ერთი გასართობია მისთვის რითიც ყოველდღიურად არის დაკავებული. ის ცხოვრობს დოგმებით. ვიღაცის მიერ მოგონილი იდიოტური და გაურკვეველი კანონებით. არასდროს გააჩნია საკუთარი აზრი და ცხოვრებაში არაფერი გადაუფურცლავს ჟურნალის გარდა.
მისი მეუღლე, როგორც ზემოთ ავღნიშნე, სქელ-ტრაკიანი ფულის ტომარაა. უყვარს სმაც და უყვარს ჭამაც. ჰყავს ათას ორასი საყვარელი. ასეთი მოვლილი და ლამაზი ცოლი კი, მისთვის ერთგვარად საამაყო და სატრაბახო ნიშაა. თითქოს ამით ქულების დაწერას ცდილობს საზოგადოებაში.
ქალი ამ შემთხვევაშიც კარგავს თავის ქალობას. ის აკლიათ და ენატრებათ შვილებს, უბრალოდ “ეპრესტიჟულებათ” მეგობრებს და “ემარიაჟება” ქმარს.
ნწ, ნწ.... ესეც ცუდია.... ძალიან ცუდი!
ალბათ, ამის წაკითხვისას ბევრი ამოიცნობს თავის ნაცნობს, მეგობარს, მეზობელს ორივე ქალში. მეც სწორედ კონკრეტული პიროვნებებით ვხელმძღვანელობდი. ორივე ტიპის ქალს ვიცნობ და დამიჯერეთ ორივეს ცხოვრება საშინელებაა. და, ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალიან, ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო - მე ქალი ვარ - მაქვს Dior-ის ფრანგული სუნამო, ვრეცხავ ჩემი ქმრის ნასკებს, ხანდახან ვასეირნებ ძაღლს, ვუვლი ბავშვს და წვეულებებზეც დავდივარ! მე არც ჭურჭლის მრეცხავი ვარ და არც გამოფიტული Barbie !!!








Tuesday, March 13, 2012

We All Wanna Look Like Them! All we need is Wings!

What a Girl wants? What a girl needs?


...და მაინც, რა სურთ ქალებს?! ეს არის შეკითხვა, რომელიც იყო, არის და ყოველთვის იქნება აქტუალური და საინტერესო მამაკაცებისთვის და არა მარტო მამაკაცებისთვის! ამ კითხვას არ დაუკარგავს მისი აქტუალობა მაშინაც კი, როცა ბინ ლადენმა ტყუპები ააფეთქა, არც მაშინ, როცა შრილანკა ცუნამმა წაიღო, არც მაშინ, როცა მოკლეს კადაფი, არც ახლა, როცა იაპონიაში მიწისძვრა მოხდა და არც მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როცა ადამიანი მარსზე ჩაფრიდება.
მეც ბევრი ვიფიქრე ამ თემის ირგვლივ. მართლა და მართლა - რა ჯანდაბა გვინდა?! ხან ერთი, ხან მეორე! ჩვენ თვითონ ვაართ კი დარწმუნებული ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებში?! რას ვთხოვთ ისედაც გონება დაჩლუნგებულ მამაკაცებს (არავის ეწყინოს)?! საიდან უნდა გამოიცნონ მათ ის, რაც ჩვენ თვითონაც კი ვერ გაგვირკვევია?!
მაინც, რა არის ის რაღაც, რაც დაგვაკმაყოფილებს, დაგვამშვიდებს და გაგვახარებს? არის ეს ყვავილების თაიგული ყოველდღე ან სამ დღეში ერთხელ? თუ, დღიური აბონიმენტი საუკეთესო სპა სალონში კვირაში ერთხელ, ჯანდაბაას - ორ კვირაში ერთხელ? თუ, iPhone 4s ანუ”Siri” (ხედავთ, ესეც კი კაცთან გვაქვს დაკავშირებული :) ). იქნებ, “Cartier”-ეს ოქროს სამაჯური სამ თვეში ერთხელ - ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ოგონდ ოქროსი იყოს და თანაც “Cartier”-ესი. :).  ღმერთო! რამდენი რაღაც უნდა ქალს?! ფრჩხილი, წარბი, თმები, ხელი, ფეხი - ყველაფერი მოვლილი - 24 საათი კვირაში 7 დღე!  ჩაცმა, დახურვა, წასვლა, მოსვლა! ჩვენ ისედაც უამრავი საქმე გვაქვს ყოველდღიურად და მეორე ნახევრისგან ამ ყველაფერზე უფრო მეტს ველით!
ბევრი ფიქრის და საკუთარ თავთან სჯა-ბაასის შემდეგ, მივედი დასკვნამდე და თურმე რა მარტივი ყოფილა! ქალებს გვინდა ერთადერთი რაღაც! ჩვენ გვინდა, რომ ხელის გულზე გვატარონ!!! დიახ, რატომაც არა?!განა ესე ბევრს ვითხოვთ?!  არამგონია, ამ პასუხით მამაკაცები კმაყოფილნი დარჩნენ, მაგრამ თუ კითხვას სვამ, მაშინ პასუხისთვისაც მზად იყავი!
ასე რომ, ძვირფასო კაცებო! ეს ის არ არის, რაც თქვენს ძალებს აღემატება! დაგვსვით თქვენი ძლიერი და ღონიერი ხელების გულებზე და გვატარეთ - ჩვენ, ეს სუსტი და ნაზი არსებები! ზოგს ყვევილები მოგვართვით, ზოგს “Cartier”-ს სამაჯურები და ზოგსაც ყველაფერი ერთად.
 ჩვენ კი, ჩვენს მხრივ, გაწეულ შრომას, აუცილებლად დაგიფასებთ გემრიელი სადილით, დალაგებული სახლით, ლამაზი შვილებით და ჩვენი სიყვარულით სავსე გულებით!


იდეალური მამაკაცის ძიებაში . . .


არ მჯერა მარტოხელა ქალის, ვინც მეტყვის, რომ იდეალურ მამაკაცს სულაც არ ეძებს.. არა! რა სისულელეა! სულაც არ არის აუცილებელი ცხოვრებაში მაქსიმალისტი იყო რომ ამგვარი მოთხოვნა გქონდეს. სინამდვილეში და გულის სიღრმეში ყველა ქალს მის გვერდით თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი წარმოუდგენია და ამაში გასაკვირიც არაფერია.
  მეც ვარ ქალი და სანამ ჩემს “პრინცს” შევხვდებოდი რაღა თქმა უნდა არაერთი ღამე გამიტარებია მასზე ფიქრში. ცნება  - იდეალური მამაკაცი თავის თავში და შინაარსში იდეალურ ცხოვრებასაც აერთიანებს. ოცნებებში და წარმოსახვებში “ჩემი მამაკაცი” აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს და მოთხოვნას რაც მე და ალბათ ყველა ქალს სჭირდება.
 წარმომედგინა მაღალი, ნავარჯიშევი სხეულით, ხორბლისფერი კანით, მუქი წაბლისფერი თმით, ცისფერი ნუშისებრი თვალებით. წარმომედგინა, სამსახურიდან დაღლილები როგორ ჩავუჯდებოდით ხოლმე დიდ პლაზმურ ტელევიზორთან რამე “გემრიელ” ფილმს. მე მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ის მისი გრძელი და ლამაზი თითებით თმაში ნაზად მომეფერებოდა. მე კი ასე დაღლილს და გვიან დაბრუნებულს სამსახურიდან, იქვე სავარძელში ჩამეძინებოდა. დილას გავიღვიძებდი ჩემს ფუმფულა ლოგინში, ფეხებთან მსუქანი, თეთრი კატა იგორავებდა (ზოგადად კატები არ მიყვარს, მით-უმეტეს ლოგინში,მაგრამ იდეალურ ცხოვრებას იდეალური მამაკაცის გვერდით რაღაცნაირად თითქოს უხდება).
ავდგებოდი მზიან დილას კარგ ხასიათზე, კარგად გამოძინებული. ტანზე მოვიცვამდი აბრეშუმის ლამაზ ხალათს, რომელიც შეიკვრებოდა დიდი, ლამაზი ბანტით. ჩავიტარებდი დილის ტუალეტს და “ჩემი პრინცის” ძიებაში მივაკითხავდი სამზარეულოს. ზუსტად იქ აღმოვაჩენდი მას, ჩემთვის საუზმის მზადების პროცესში. ერთად დავლევდით ყავას, ვისაუბრებდით დღის გეგმებზე. მერე ჩავიცვამდით, დავიხურავდით და სამსახურებში წავიდოდით. მე ჩემი მანქანით, მას კი მძღოლი გამოუვლიდა.
სამსახურის საათები როგორც კი დაგვიმთავრდებოდა, ერთმანეთს რესტორანში შევხვდებოდით, ვივახშმებდით მსუბუქად, დავაყოლებდით ღვინოს – თეთრს,წითელს – ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე საჩუქრად ოქროს სამაჯურს მივიღებდი, ის კი ჩემგან უამრავს კოცნას! მძღოლს გაუშვებდა,სახლში კი ჩემი მანქანით დავბრუნდებოდით, საჭეს ის მიუჯდებოდა. მივიდოდით სახლში, კარის მიხურვისთანავე ვნებიანად მაკოცებდა,მეც ვაკოცებდი, მერე ისიც და ასე კოცნა კოცნით მივიდოდით საძინებლამდე და მშვენიერი დღე იდეალური სექსით დაგვირგვინდებოდა.
შვებულებას სადმე კუნძულზე გავატარებდით მეგობრაბთან ერთად. მე ვიქნებოდი გამხდარი: არანაირი ცელულიტი! არანაირი მოშვებული კანი! არანაირი გასაკეთებელი ფრჩხილი! მეც “პრინცესული” ვიქნებოდი! აბა რა! ოცნების მამაკაცს ოცნების კალბატონი სჭირდება გვერდით. მთელს დღეს ოქროსფერ, ქვიშიან სანაპიროზე გავატარებდით, საღამოს კი სადმე ლამაზ ბარში, სასიამუვნო კომპანიასთან ერთად. “ჩემი პრინცი” მე და ჩემს გოგონებს რაიმე ფერადი კოქტეილით გაგვანებივრებდა და მე სიამაყით აღვივსებოდი როცა ჩემი გოგონები ყურში მეტყოდნენ, რომ გიჟდებიან ჩემს “პრინცზე”,რომ ის ძალიან საყვარელია და როგორ ვუხდებით ერთმანეთს. მე კი თავს ნამდვილ პრინცესად ვიგრძნობდი.
მოგვიანებით ჩემი ოცნების მამაკაცი მოჰყვებოდა ათას საინტერესო და სახალისო ისტორიას, რაზეც გულიანად იცინებდნენ ჩემი გოგონებიც და მათი “პრინცებიც”. სასმელი რომ ცოტა მოგვეკიდებოდა ბარიდან ღამის კლუბში გადავინაცვლებდით. ჩემი “პრინცი” ხომ ძალიან მაგრად ცეკვავს! მთელს კლუბს თავზე დავიმხობდით! კლუბში ყველა გოგოს მასთან ცეკვა და დროის გატარება მოუნდებოდა,მაგრამ ჩემი ოცნების მამაკაცი, ჩემი პრინცი ხომ ვერავის ამჩნევს ჩემს გარდა! არაჩვეულებრივად გავერთობოდით! გამთენიისას კი სასიამუვნოდ დაღლილები, ჩვენს 5 ვარსკვლავ-პლუსიან სასტუმროში დავბრუნდებოდით და “qing saiz bed”-ში ტკბილად დავიძინებდით. (ეგრევე დამეძინებოდა, რადგან ძილის წინ საფიქრალს და საოცნებოს ჩემი ოცნების მამაკაცი აღარაფერს მიტოვებდა).


   ასეთი იყო ჩემი ოცნების მამაკაცი და ჩვემი საოცნებო ცხოვრება მანამ, სანამ არ შევხვდებოდი ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბიჭს. მას არც ცისფერი თვალები აქვს, არც მაინც და მაინც მაღალი არაა, არც ანგარიში აქვს ბანკში და არც მძღოლი ემსახურება, მაგრამ მას აქვს ყველაზე მთავარი, ის რაც დამავიწყდა ჩემი “ოცნების პრინცისთვის” მიმეცა – ეს ჩემი გულია.
  არაუშავს, თუ ვახშამზე ოქროს სამაჯურს არ მაჩუქებს, არაუშავს თუ ოქროს ქვიშებზე არ დამასვენებს 5 ვარსკვლავ-პლუსიან სასტუმროში, სამაგიეროდ ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. ვუყვარვარ ჩემი ცელულიტით, გასაკეთებელი ფრჩხილით და ცოტა რთული ხასიათით. საბედნიეროდ არ მყავს კატა,სამაგიეროდ მყავს ულამაზესი პატარა გოგო და მიუხედავად უფულობის, უკუნძულობის და უოქროს სამაჯურობისა, ვფიქრობ რომ იმაზე უკეთესი ცხოვრება მაქვს ვიდრე ოდესმე მიოცნებია!