არ მჯერა მარტოხელა ქალის, ვინც მეტყვის, რომ იდეალურ მამაკაცს სულაც არ ეძებს.. არა! რა სისულელეა! სულაც არ არის აუცილებელი ცხოვრებაში მაქსიმალისტი იყო რომ ამგვარი მოთხოვნა გქონდეს. სინამდვილეში და გულის სიღრმეში ყველა ქალს მის გვერდით თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი წარმოუდგენია და ამაში გასაკვირიც არაფერია.
მეც ვარ ქალი და სანამ ჩემს “პრინცს” შევხვდებოდი რაღა თქმა უნდა არაერთი ღამე გამიტარებია მასზე ფიქრში. ცნება - იდეალური მამაკაცი თავის თავში და შინაარსში იდეალურ ცხოვრებასაც აერთიანებს. ოცნებებში და წარმოსახვებში “ჩემი მამაკაცი” აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს და მოთხოვნას რაც მე და ალბათ ყველა ქალს სჭირდება.
წარმომედგინა მაღალი, ნავარჯიშევი სხეულით, ხორბლისფერი კანით, მუქი წაბლისფერი თმით, ცისფერი ნუშისებრი თვალებით. წარმომედგინა, სამსახურიდან დაღლილები როგორ ჩავუჯდებოდით ხოლმე დიდ პლაზმურ ტელევიზორთან რამე “გემრიელ” ფილმს. მე მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ის მისი გრძელი და ლამაზი თითებით თმაში ნაზად მომეფერებოდა. მე კი ასე დაღლილს და გვიან დაბრუნებულს სამსახურიდან, იქვე სავარძელში ჩამეძინებოდა. დილას გავიღვიძებდი ჩემს ფუმფულა ლოგინში, ფეხებთან მსუქანი, თეთრი კატა იგორავებდა (ზოგადად კატები არ მიყვარს, მით-უმეტეს ლოგინში,მაგრამ იდეალურ ცხოვრებას იდეალური მამაკაცის გვერდით რაღაცნაირად თითქოს უხდება).
ავდგებოდი მზიან დილას კარგ ხასიათზე, კარგად გამოძინებული. ტანზე მოვიცვამდი აბრეშუმის ლამაზ ხალათს, რომელიც შეიკვრებოდა დიდი, ლამაზი ბანტით. ჩავიტარებდი დილის ტუალეტს და “ჩემი პრინცის” ძიებაში მივაკითხავდი სამზარეულოს. ზუსტად იქ აღმოვაჩენდი მას, ჩემთვის საუზმის მზადების პროცესში. ერთად დავლევდით ყავას, ვისაუბრებდით დღის გეგმებზე. მერე ჩავიცვამდით, დავიხურავდით და სამსახურებში წავიდოდით. მე ჩემი მანქანით, მას კი მძღოლი გამოუვლიდა.
სამსახურის საათები როგორც კი დაგვიმთავრდებოდა, ერთმანეთს რესტორანში შევხვდებოდით, ვივახშმებდით მსუბუქად, დავაყოლებდით ღვინოს – თეთრს,წითელს – ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე საჩუქრად ოქროს სამაჯურს მივიღებდი, ის კი ჩემგან უამრავს კოცნას! მძღოლს გაუშვებდა,სახლში კი ჩემი მანქანით დავბრუნდებოდით, საჭეს ის მიუჯდებოდა. მივიდოდით სახლში, კარის მიხურვისთანავე ვნებიანად მაკოცებდა,მეც ვაკოცებდი, მერე ისიც და ასე კოცნა კოცნით მივიდოდით საძინებლამდე და მშვენიერი დღე იდეალური სექსით დაგვირგვინდებოდა.
შვებულებას სადმე კუნძულზე გავატარებდით მეგობრაბთან ერთად. მე ვიქნებოდი გამხდარი: არანაირი ცელულიტი! არანაირი მოშვებული კანი! არანაირი გასაკეთებელი ფრჩხილი! მეც “პრინცესული” ვიქნებოდი! აბა რა! ოცნების მამაკაცს ოცნების კალბატონი სჭირდება გვერდით. მთელს დღეს ოქროსფერ, ქვიშიან სანაპიროზე გავატარებდით, საღამოს კი სადმე ლამაზ ბარში, სასიამუვნო კომპანიასთან ერთად. “ჩემი პრინცი” მე და ჩემს გოგონებს რაიმე ფერადი კოქტეილით გაგვანებივრებდა და მე სიამაყით აღვივსებოდი როცა ჩემი გოგონები ყურში მეტყოდნენ, რომ გიჟდებიან ჩემს “პრინცზე”,რომ ის ძალიან საყვარელია და როგორ ვუხდებით ერთმანეთს. მე კი თავს ნამდვილ პრინცესად ვიგრძნობდი.
მოგვიანებით ჩემი ოცნების მამაკაცი მოჰყვებოდა ათას საინტერესო და სახალისო ისტორიას, რაზეც გულიანად იცინებდნენ ჩემი გოგონებიც და მათი “პრინცებიც”. სასმელი რომ ცოტა მოგვეკიდებოდა ბარიდან ღამის კლუბში გადავინაცვლებდით. ჩემი “პრინცი” ხომ ძალიან მაგრად ცეკვავს! მთელს კლუბს თავზე დავიმხობდით! კლუბში ყველა გოგოს მასთან ცეკვა და დროის გატარება მოუნდებოდა,მაგრამ ჩემი ოცნების მამაკაცი, ჩემი პრინცი ხომ ვერავის ამჩნევს ჩემს გარდა! არაჩვეულებრივად გავერთობოდით! გამთენიისას კი სასიამუვნოდ დაღლილები, ჩვენს 5 ვარსკვლავ-პლუსიან სასტუმროში დავბრუნდებოდით და “qing saiz bed”-ში ტკბილად დავიძინებდით. (ეგრევე დამეძინებოდა, რადგან ძილის წინ საფიქრალს და საოცნებოს ჩემი ოცნების მამაკაცი აღარაფერს მიტოვებდა).
ასეთი იყო ჩემი ოცნების მამაკაცი და ჩვემი საოცნებო ცხოვრება მანამ, სანამ არ შევხვდებოდი ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბიჭს. მას არც ცისფერი თვალები აქვს, არც მაინც და მაინც მაღალი არაა, არც ანგარიში აქვს ბანკში და არც მძღოლი ემსახურება, მაგრამ მას აქვს ყველაზე მთავარი, ის რაც დამავიწყდა ჩემი “ოცნების პრინცისთვის” მიმეცა – ეს ჩემი გულია.
არაუშავს, თუ ვახშამზე ოქროს სამაჯურს არ მაჩუქებს, არაუშავს თუ ოქროს ქვიშებზე არ დამასვენებს 5 ვარსკვლავ-პლუსიან სასტუმროში, სამაგიეროდ ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. ვუყვარვარ ჩემი ცელულიტით, გასაკეთებელი ფრჩხილით და ცოტა რთული ხასიათით. საბედნიეროდ არ მყავს კატა,სამაგიეროდ მყავს ულამაზესი პატარა გოგო და მიუხედავად უფულობის, უკუნძულობის და უოქროს სამაჯურობისა, ვფიქრობ რომ იმაზე უკეთესი ცხოვრება მაქვს ვიდრე ოდესმე მიოცნებია!
kargi gogo xar shen !
ReplyDelete