Thursday, March 15, 2012

მე ქალი ვარ და არც ჭურჭლის მრეცხავი და არც გამოფიტული Barbie!



“მე ქალი ვარ და არა ჭურჭლის მრეცხავი!” - ეს არის უსასაცილოესი სლოგანი, თუ არ ვიცი რა ვუწოდო ერთ-ერთ რეკლამაში. მართლაც, ძაან მაცინებდა ყოველთვის ეს სულელური წინადადება! მაგრამ, ეხლა ძალიან სულელურად დავფიქრდი ამ სისულელეზე! ნეტავ, მართლა? ანუ, თუ ჭურჭლის მრეცხავი ხარ ვერ იქნები ქალი?! ანუ, უფრო კონკრეტულად - ქალები ჭურჭელს არ რეცხავეენ?! :)
არა, ნუ, რა თქმა უნდა რეცხავენ, მაგრამ თუ ქალი დღე და ღამ რეცხავს შვილების სამოსს, ქმრის “ნასკებს,” სამაზრეულოს კარს არ სცილდება, აკეთებს სადილებს, არ აქვს სამსახური, გარეთ გადის მხოლოდ პროდუქტებზე და ოთახში მხოლოდ ღამით, ისიც დასაძინებლად შედის, ის უკვე ქალი აღარ არის - ის ჭურჭლის მრეცხავია!
ასეთ დროს, ყველანი ერთ ხმად შევსძახებთ ამ უბედური ქალის მისამართით : “საბრალოოოოო!” ქალი კარგავს თავის ქალობას და ქალურობას და ემსგავსება შინა მოსამსახურეს. ის ყველაფრის მიუხედავად უყვართ შვილებს, უყვართ დაქალებს. მასთან მოდიან საღამოობით მეგობრები ფინჯან ყავაზე და საკუთარ პრობლემებს უზიარებენ! მასთან ყველა გახსნილია! მისთვის გულის გადაშლა უადვილესია! ის ისმენს ათას ჭორს, ათას ტყუილ-მართალს და რისკი იმისა, რომ ის სადღაც რაღაცას წამოაყრანტალებს და შენს საიდუმლოს გასთქვამს, არის ნული - ის ხომ არსად დადის!
მისი დამოკიდებულება ქმართან ცოტა რთული თემაა! კაცსაც გააჩნია! თუ გაუმართლა და კარგი ბუნების ქმარი შეხვდა, მაშინ მათი ურთიერთობა ერთფეროვნების ხარჯზე ჰარმონიულია. ქმარი მუშაობს, შინ დაღლილი ბრუნდება. მიირთმევს სადილს, უყურებს ტელევიზორს, წვება და იძინებს. მაგრამ, ვააააი! ვაი, თუ არ გაუმართლა და ბედმა ცუდი და მძიმე ხასიათის კაცი არგუნა. ჩვენი ჭურჭლის მრეცხავი ყველანაირად ცდილობს ასიამუვნოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს მაგრამ, არასდროს გამოსდის! მის უჟმურ ქმარს არც მისი გარეცხილი მოსწონს, არც მისი გახეხილი... არც მისი გაკეთებული სადილი და არც ნამეცადინები ბავშვი! მათ ოჯახში მუდმივი დაძაბულობაა.
“ჭურჭლის მრეცხავი ქალი” - არ უვლის თავის გარეგნობას. აქვს მაგრამ დიდად არ აწუხებს ზედმეტი კილოგრამები. ხმარობს იაფ ფასიან სუნამოს, რომელსაც მეგობრების დაბადების დღეებზე ისხამს მხოლოდ და რომელსაც “სულზე უტკბესი” სუნი აქვს. :) მისი ვარცხნილობაც მუდამ ერთნაირია. ძირითადად მოკლე ან უკან კარგად დამაგრებული და აწეული, ძირებში უკვე შესაღები. მისი “კარადა” კი სულ რამდენიმე, თურქული ან ჩინური წარმომავლობის კაბას ითვლის.
ნწ... ძალიან ცუდია... არცერთ ქალს არ ვუსურვებდი ამ ამპულაში აღმოჩენას.
არის მეორე უკიდურესი მხარე. ქალი, რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება გამოფიტულ თოჯინა “ბარბის”. ის მუდამ მოვლილია, მუდამ ფორმაშია. ადვილად იხდენს სხვა და სხვა ვარცხნილობას. ისხამს მხოლოდ ყველაზე ძვირიან, ყველაზე მოდურ და რაღა თქმა უნდა ფრანგულ სუნამოს, რომელიც არაერთი აქვს... მისი გარდერობი სავსეა ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით: Chanel, YvesSaintLaurent, Versace, Prada, Dior, Alexander Mcqueen და ა.შ.
“გამოფიტული ბარბი” დადის სალონში დღე გამოშვებით. აქვს საკუთარი მაღაზია, ან სალონი, ან “სვეცკი” კაფე. ჰყავს უამრავი ნაცნობი და მეგობარი. არ აკლდება წვეულებებს და არასდროს არის სახლში. ჰყავს დამლაგებელი, ძიძა ბავშვებისთვის, მძღოლი და კიდევ ათასი დამხმარე. მას არასდროს გაუკეთებია სადილი, არასდროს გაურეცხავს ქმრის ტანისამოსი, არ გაუთევია არც ერთი ღამე შვილისთვის, არ გაუსეირნებია მისი დეკორატიული ძაღლი. თუმცა, “ჭურჭლის მრეცხავივით”, ოთახში ისიც მხოლოდ ღამით და მხოლოდ დასაძინებლად შედის, რადგან გული ერევა თავის ფულის ტომარა მეუღლეზე!
მას ვერ დაელაპარაკები გულიანად! ვერ გაუმხელ რაღაც საიდუმლოს, ვერ ანდობ ჭორს. თუმცა, ჭორები ის ერთ-ერთი გასართობია მისთვის რითიც ყოველდღიურად არის დაკავებული. ის ცხოვრობს დოგმებით. ვიღაცის მიერ მოგონილი იდიოტური და გაურკვეველი კანონებით. არასდროს გააჩნია საკუთარი აზრი და ცხოვრებაში არაფერი გადაუფურცლავს ჟურნალის გარდა.
მისი მეუღლე, როგორც ზემოთ ავღნიშნე, სქელ-ტრაკიანი ფულის ტომარაა. უყვარს სმაც და უყვარს ჭამაც. ჰყავს ათას ორასი საყვარელი. ასეთი მოვლილი და ლამაზი ცოლი კი, მისთვის ერთგვარად საამაყო და სატრაბახო ნიშაა. თითქოს ამით ქულების დაწერას ცდილობს საზოგადოებაში.
ქალი ამ შემთხვევაშიც კარგავს თავის ქალობას. ის აკლიათ და ენატრებათ შვილებს, უბრალოდ “ეპრესტიჟულებათ” მეგობრებს და “ემარიაჟება” ქმარს.
ნწ, ნწ.... ესეც ცუდია.... ძალიან ცუდი!
ალბათ, ამის წაკითხვისას ბევრი ამოიცნობს თავის ნაცნობს, მეგობარს, მეზობელს ორივე ქალში. მეც სწორედ კონკრეტული პიროვნებებით ვხელმძღვანელობდი. ორივე ტიპის ქალს ვიცნობ და დამიჯერეთ ორივეს ცხოვრება საშინელებაა. და, ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალიან, ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო - მე ქალი ვარ - მაქვს Dior-ის ფრანგული სუნამო, ვრეცხავ ჩემი ქმრის ნასკებს, ხანდახან ვასეირნებ ძაღლს, ვუვლი ბავშვს და წვეულებებზეც დავდივარ! მე არც ჭურჭლის მრეცხავი ვარ და არც გამოფიტული Barbie !!!








No comments:

Post a Comment