Friday, May 16, 2014

ჩემი შვილი ყველას სჯობს! ანუ, სხვისი ბავშვი რა, ბავშვია???

რა საოცარი ხალხი ვართ?! მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი ერი... ბავშვი ოჯახში წმინდათა წმინდაა და რას არ იზამს ბავშვის სიყვარულით  „გადარეული“ ბებია, დედა ან ძიძა.
რას არ იზამს – სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი, მარა რასაც „ის“ თურმე იზამს, ყოველგვარ ფანტაზიას სცდება!
ამ მშვენიერ გაზაფხულის საღამოს, გადავწყვიტე ბავშვი ერთ–ერთ სკვერში გამესეირნებინა. უზარმაზარ სასრიალოს უამრავი ბავშვი აწყდებოდა სიხარულის ყიჟინით. ზოგი კიბეზე მიძვრებოდა, ზოგიც გვირაბში და ზოგიც სასრიალოს ეკონწიალებოდა. აბა რა, ესეც უნდა ყოფილიყო. სასრიალო – ბავშვებისთვისაა. მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის და არა ბებიებისთვის, ძიძებისთვის და უკანალ–გასქელებული დედებისთვის!
აი ეხლა ვზივარ და სიტყვებს ვეძებ – როგორ გადმოგცეთ რაც იქ ხდებოდა!  4–5 წლის ბიჭუნას მხიარული შეძახილებით (სავარაუდოდ) ძიძა ასრიალებდა. ქალბატონი სხვა ბავშვებს ლამის თავზე ფეხს აბიჯებდა, რომ ურიგოდ შემძვრალიყო „ობიექტზე“. თავს იკლავდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ იქვე მდგარი ბავშვის ბაბუისთვის დაემტკიცებინა, თუ რამხელა პროფესიონალია თავისი საქმის და როგორ უყვარს ბავშვი. ბაბუაც კმაყოფილი შესცქერდა ამ გულის ამაჩუყებელ სანახაობა, თუმცა იმას კი ვერ ხვდებოდა – რანაირი გაიზრდება მისი შვილიშვილი ბიჭი, როცა 4–5 წლის ასაკში ბავშვს მარტო სრიალის შნოს უკარგავდნენ და „უწუ – კუწუთი“ განებივრებული ალბათ 14–15 წლის ასაკშიც ვინმეს კალთას ინება გამოკერებული.
სანამ „პროფესიონალი“ გამზრდელი თავის მოვალეონბას პირნათლად ასრულებდა, შუა ხნის ქალბატონი არაამქვეყნიური ხმით და შეძახილებით დასდევდა პატარა, ენერგიულ ბიჭუნას.
გვერდიდან რომ ვერაფერი გააწყო, ეს მოხუცი, მსუქანა ქალბატონიც შეძვრა თავისი „ფოფოდია“ კაბით სასრიალოზე და უნდა გენახათ რა საშინელი სანახავი იყო ეს ქალბატონი, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილ გვირაბში გაძრომას დაჟინებით ცდილობდა. რა თქმა უნდა ვერ ეტეოდა, მაგრამ ფარ–ხმალს არ ყრიდა და წინ და წინ, სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა მსუქანი მუხლუხოსავით მიიკლაკნებოდა.
ამასობაში ქალბატონის უკან ბავშვების უზარმაზარი რიგი დადგა. სასრიალოს ერთ ნაწილში საცოდავად გამომწყვდეული 15მდე ბავშვი მორჩილად ელოდა, როდის გაიხსნებოდა გზა. ამასობაში, ბავშვების ტერიტორიაზე გამოჩნდა ახალგაზრდა, ენერგიით სავსე დედა.  ხის სკამზე წამომჯდარი (სკამზე რომელიც მშობლებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი) ვუყურებდი, თუ როგორ მიაჭყლიტა ამ ახალბედა დედამ ჩემი შვილი თავისი უკანალით ატრაქციონის კედელს. შემდეგ „რეზკად“ მოტრიალდა და გაბზეკილი უკანალი სხვა ბავშვს მოუკნია და წააქცია. ერთადერთი რაზეც ეს ახალგაზრდაფიქრობდა მისი შვილის ბედნიერი ჩამოსრიალება იყო და სხვა ბავშვები ბავშვშებად არ აღიქმებოდნენ! მის თვალში ალბათ ისინი იყვნენ ზრდასრული, ვერაგი ადამიანები, ბუზები, კოღოები, რომლებიც ხელს უშლიდნენ დედა–შვილის ბედნიერ საღამოს და გართობას.
ოჯახური გასვლაც ვიხილე სკვერში. „გადაჩხერილი“, საგულდაგულოდ გამოწყობილი მამა, ბოლო ხმაზე უღრიალებდა შვილს, რომელმაც უცაბედად ფეხი დააბიჯა მის გაპრიალებულ ფეხსაცმელს და დაუსვარა. ძალიან გამიკვირდა, რომ ესეთი სუფთა და წესრიგის მოყვარული კაცი მზესუმზირას მიირთმევდა და ნაჭუჭს პირდაპირ ძირს იფურთხებოდა!
ამ ყველაფერს დიდხანს ვეღარ გავუძელი, ბავშვს ხელი მოვკიდე და გადავწყვიტე იქაურობას სასწრაფოდ გავცლოდი, რომ რომელიმე, მისი პირმშოს სიყვარულით დაბრმავებულ მშობელს არაფერი დაეშავებინა ჩემი შვილისთვის.
ჩემო მეგობრებო, ვინც ამას კითხულობთ, იმედია არასოდეს მოიქცევით მსგავსად! მე ვგიჟდები ჩემს შვილზე და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მგონია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდე, რომ სხვასაც ისევე უყვარს საკუთარი ბავშვი როგორც მე – ჩემი! სხვისი  შვილიც შვილია და ნუ გადავუვლით მათ. ბავშვების სივრცე ბავშვებისთვისაა და არა ტვინ გათხელებული და უკანალ გასქელებული უფროსებისთვის!


Wednesday, September 12, 2012

არჩევნები უპირველეს ყოვლისა!!!


ახლოვდება ოქტომბერი და შესაბამისად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიც! პრინციპში „არჩევნები–ც“ კი არა და არჩევნები ახლოვდება თუ ახლოვდება!
მთელი ქვეყანა იმდენად პოლიტიზირებულია, რომ დიდი და პატარა მხოლოდ ამ თემაზე საუბრობს, კამათობს, „ღადაობს“, ფიქრობს და იმ დიდი დღის მოლოდინით სულდგმულობს.
აგერ რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ორწლინახევრის შვილმა გამომიცხადა: „ქართული ოცნების“ მაიკა მიყიდეო! გადავირიე! ორი დღის წინ კი იძახდა: „მიშა წადიო!“ და არაუშავს ამას სახლში თუ იტყვის თავისთვის, მაგრამ აღარ ვიცოდი რა მექნა, როცა ეკლესიაში, ერთ=ერთი წირვის დროს დაიწყო კივილი „მიშა ვარდები – მალე გადავარდებიო!“ ვერაფრით გავაჩუმე და იძულებული გავხდი სასწრაფოდ დამეტოვებინა ტერიტორია.
სრული ქაოსია ქვეყანაში! ქალაქის ნებისმიერ კუთხეში, ქუჩაზე, სკვერში და პარკში ნებისმიერ დროს შეგიძლია დაესწრო „მინი“ აქციას და პირ–დაღებულმა და სულ–განაბულმა უსმინო ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის არაჩვეულებრივ დაპირებებს, თუ როგორ აგვიყვავებენ საქართველოს და მასთან ერთად თითოეულ მოქალაქეს!
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მოქალაქეების აყვავებას კი არა – პირიქით –  გატყავებას გვპირდებიან! მაგალითად: „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი. ისინი არასდროს აძლევდნენ ქართულ საზოგადოებას მოწყენის საშუალებას. მუდმივად გვთავაზობდნენ გასახალისებელ გამოსვლებს. როგორც სჩან მათ მართლაც ყველაზე უკეთ ესმით, თუ რა სჭირდება დღეს ქართველ ხალხს – ცოტა გამხიარულება და გახალისება. თუმცა, ამჯერად ცოტა გადაამლაშეს. მათი ლოზუნგი : „მდიდარს ვართმევ – ღარიბს ვაძლევ“ არა მარტო სასაცილო, არამედ ცოტა შემაშფოთებელიც არის, მათთვის ვინ ბევრი იშრომა, იწვალა, იტანჯა და ამის ხარჯზე რაღაც ქონება და ფული მოაგროვა.
აი მაგალითად, რას იტყვის ამაზე „ლოტო“–ს გამარჯვებული ქალბატონი ზამირა (გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს)?! ალბათ, ზამირას და მის ოჯახს ტანში შიშის ჟრუანტელი უვლით ყოველთვის, როცა „ლეიბორისული პარტიის“ პოლიტიკურ რეკლამას უყურებენ ტელევიზორში. (ტელევიზორში, რომელიც, ასე ვთქვათ „დარმავოი“ ფულით იყიდა!) და კიდევ რამდენია ქალბატონი ზამირას დღეში!
„ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა...“ – გვთხოვს ბატონი შალვა. „განდოთ“ რა? ძაღლია თუ მეზობლის ბავშვი?! ქვეყანაა – არც მეტი არც ნაკლები! ქვეყანა!!! და როგორ ფიქრობთ ესე გულით თუ შეგვეხვეწებით ეს საკმარისი იქნება?!
არა, ბატონო შალვა – ესეც არ შეიძლება! იხუმრე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – დრო აღარ არის დასერიოზულდეეთ?! ვინ გგონიათ თავი რობინ ჰუდი, თუ არსენა მარაბდელი?! გავიცინეეთ და გვეყო ხო?! თქვენი ხუმრობები უკვე იმ ამბავითაა: ვიღაცამ იხუმრა და მაგიდაზე დააჯ**ო.
როგორც სჩანს, ბატონი შალვას და მისი თანაპარტიელების ოხუნჯობამ სხვა პარტიებიც მხიარულ და „მაღალ“ ტალღაზე მომართა. მე მაგალითად სასაცილოდაც არ მყოფნის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლოზუნგი : „მეტი სარგებელი ხალხს!“ არა ნუ, კომიკოსები არ არიაან?! აბა ვინ დაიჯერებს, რომ მაინც და მაინც არჩევნების წინ გაახსენდათ ხალხი და მოსახლეობა?! და თან ყველაზე სასაცილო ამ ლოზუნგში არის სიტყვა „მეტი“!  ორი ახსნა და განმარტება შეიძლება მოეზებნოს ამ ასოთა წყობას ამ სიტუაციაში:
1) „მეტი სარგებელი ხალხს“ – „მეტი“ ანუ, სარგებელი უკვე გვაქვს და ეხლა კიდევ უფრო მეტი!   – რა ამბავია კაცო ამდენი სარგებელი?! ისიც გვყოფნის რაც გვაქვს! ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით და უფრო მეტად ნუღარ გაირჯებით ჩვენთვის. ჩვენ ამდენს არ ვიმსახურებთ.
2) „მეტი სარგებელი ხალხს“ – „მეტი“ ანუ, ჩვენ („ნაციონალები“) რომ ვსარგებლობთ იმაზე მეტიო! – ეს კიდე უარესი! ყველამ თუ ისე ისარგებლა როგორც თქვენ ძვირფასო „ნაც“–ებო, ხომ საერთოდ გაჩანაგდება ეს ისედაც გაფატრულ–გამოფატრლი საქართველო?! რამდენიმე ოჯახი ხართ საქართველოში, ვინც სარგებელს ნახულობთ და თქვენი სარგებლის ხარჯზე ბოდიში და  დედა გვაქვს მოტ***ი და მთელმა ორმა მილიონმა ქართველმა თუ თქვენზე მეტი სარგებელი ვნახეთ წარმოუდგენელი რაღაც მოხდება! ისედაც სოდომი და გომორი გვაქვს უკვე და მაგაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს?!
არვიცი, არვიცი... თქვენ მე ჭკვიანი ხალხი მგონიხართ და ნუ იძლევით მსგავს დაპირებებს. ხუმრობაც გასაგებია, მაგრამ აღარ გვინდა ამდენი ტაკიმასხარა პოლიტიკაში.
ძაან მეცინება ასევე „ახალ მემარჯვენეებზე“. თავი დათვები ჰგონიათ და აქამდე ზამთარი ეგონათ. გეგონება მთელი ეს პერიოდი გვერდ–შეუცვლელად ეძინათ და მხოლოდ ეხლა, საარჩევნოდ გამოიღვიძეს და გამოძვრნენ ბუნაგიდან. მათი წინასაარჩევნო დაპირება არ ვიცი, თორემ ალბათ მთლად გავიგუდებოდი სიცილით.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს „ქრისტიან დემოკრატები“. ყოველთვის ესეთი „მართლები“ და ყველაფერში ესეთი „სუფთები“ როგორ არიან?! არა, არაფერს და „ვიკბინები“, უბრალოდ მიკვირს!! მიკვირს – როგორ ახერხებენ იმას, რომ ამ ბინძურ პოლიტიკაში ასე „სუფთად“ რჩებიან?!
და ბოლოს, არ შეიძლება არ შევეხო „ქართულ ოცნებას – ბიძინა ივანიშვილს“. ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა „შეეხო“ და არც მე ვიქნები ზარმაცი ამ შემთხვევაში. რა ვთქვა მათზე. ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ „ლეიბორისტებს“, „ნაციონალებს“, მემარჯვენეებს“, „ქრისტიან – დემოკრატებს“ და მათ თავკაცებს – ბიძინა ივანიშვილს იუმორი „არ აქვს“. რატომღაც მეგონა რომ ეს კაცი ცისფერი ეკრანიდან არ გვეხუმრებოდა. თუმცა ამ პოსტს ვაგრძელებ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ და ეხლაღა ვხვდები რომ ბიძინა ივანიშვილს რომ "იუმორი" ჰქონია - ბარე ორი ვერ დაიკვეხნის! კი არ ხუმრობს - გვეღადავება! ოცნებები ოცნებად დაგვრჩა და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დავრწმუნდი - რომ ჩვენი, როგორც ერის და ქვეყნის საშველი არ იქნება მეგობრებო! 
ყოველ შემთხვევაში უახლოესი ერთი საუკუნე!... 

Tuesday, April 10, 2012

ერთი უხერხული ამბავი...


თქვენ არც კი იცით, მაგრამ დედამიწაზე ამაყად დააბიჯებს ერთი, უკვე 50 წელს მიტანებული, გემრიელი ქალი, რომელსაც ახლობლები, მეგობრები – ფასოს ეძახიან. Just ფასო! :))
ჩვენი ფასო დაიბადა და გაიზარდა ტყიბულის რაიონის, რომელიღაც სოფელში.  სტუდენტობის ასაკმა, რომ მოუწია, მშობლებმა რაღაც თანხა მოუგროვეს და თბილისში, ცოდნასთან საზიარებლად გამოაგზავნეს. ფაცოს თბილისში შეძლებული და გავლენიანი ნათესავი ცხოვრობდა და ფასოც ამ ნათესავის ოჯახში სიხარულით მიიღეს.
ფასო ერთი შავტუხელა და რბილად რომ ვთქვათ შეუხედავი გოგონა იყო. თუმცა, ძალიან მხიარული და კეთილი გულის პატრონი გახლდათ. მან მალევე გაიჩინა სასწავლებელშიც და სამეზობლოშიც მეგობრები და თავი ყველას შეაყვარა.
თუმცა, არსებობდა ერთი ადამიანი – რომლის გულიც ფასომ ვერაფრით მოინადირა. ეს იყო – მისი მეგობრის უფროსი ძმა – ტარიელი! ტარიელი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, კარგი ოჯახის შვილი, მაღალი და სიმპატიური ბიჭი გახლდათ. გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ და ცხადია, საკმაოდ ამპარტავანი,ტარიელი საბრალო ფასოს ძაღლადაც კი არ აგდებდა!
ერთ მშვენიერ დღეს, ტაიელის სახლის კარზე ზარი გაისმა. სტუმრის ვიზიტმა მთელი ოჯახი, განსაკუთრებით კი ტარიელი სრულ პანიკაში ჩააგდო! კართან ახალგაზრდა გოგონა იდგა და კარგად წამოზრდილ მუცელზე ტარიელს თითს უკაკუნებდა!  ჰოი! საგონებელში ჩაცვივდა ტარიელი და მისი ოჯახი! იმ უზნეო და უსირცხვილო გოგოს სახლში შემოშვება იქნებოდა?! ხო დაესხმებოდა ოჯახს თავზე ლაფი! ხო შერცხვებოდა მთელი მათი მოდგმა! საჭირო იყო სწრაფი და ჭკვიანური რეაგირება! საჭირო იყო ორსული გოგონას შეჩერება, რომელიც ასე „უსირცხვილოდ“ ცდლობდა ამ ბრწყინვალე ოჯახში შეტენვას! ბევრი ფიქრისა და სხჯა ბაასის შემდეგ ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო: ტარიელს სასწრაფოდ უნდა შეერთო ცოლი! მხოლოდ, კარგი ოჯახისშვილი, პატიოსანი და განათლებული.
ამასობაში, ფასოს საზაფხულო არდადეგები დასწყებოდა თურმე და სოფელში წასასვლელად ემზადებოდა, როცა, სახლში ტარიელი მიეჭრა! ფასო ყოფილა შოკში – როცა ტარიელმა მის წინ დაიჩოქა და სირცხვილისგან, თუ სიხარულისგან სულ მთლად გაწითლებულ ფასოს ცოლობა სთხოვა!  ფასოს შედეგებზე არც კი უფიქრია, იმ წამსვე თანხმობა განუცხადა პრინც ტარიელს და მეორე დღესვე შეუდგა ქორწილისთვის მზადებას.  აფრთხილებდნენ და ეუბნებოდნენ თბილისელი ნათესავები, რომ არ გაჰყოლოდა ცოლად ტარიელს, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ფასოს არაფერის გაგონება არ სურდა!
დიდი ქორწილი იმ ზაფხულსვე უზეიმიათ! ფასო ყოფილა „გამოკვეტილი“ თეთრ გრძელ კაბაში და უსაზღვროდ ბედნიერი. თუმცა, მისმა ბედნიერებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა!
ყველას გასაოცრად, ერთ მშვენიერ (თუ დასაწვავ, ვისთვის როგორ) დღეს ფასო სახლში აზლუქუნებული დაბრუნდა. მისი ლოყები ამჟამად ცრემლებისგან  აწითლებულიყვნენ! სახლის ფანჯრიდან გახედვაც კი რცხვენოდა საცოდავ ფასოს, რადგან მის ძვირფას ტარიელს გაუგონარი და უკადრებელი უკადრებია! :)
უფრო ზუსტად კი, ტარიელს ხმა გაუვრცელებია: ფასო სახლიდან უნდა გავაგდო – არც მეტი, არც ნაკლები – მინეტი გამიკეთაო!!!!!!!!!!!!!!!!!!
(ღმერთო როგორ მეცინება ამ ისტორიაზე!!!) 
განადგურებულ, შერცხვენილ, თავზე ლაფ დასხმულ და სახელ გატეხილ ფასოს, სხვა რა გზა ჰქონდა?! – დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და როგორღაც გააგრძელა ცხოვრება! დრო გავიდა და ოჯახმა ერთი კარგი ქვრივი კაცი გაურიგა, სოფელ ფარცხანაყანებიდან! ფასოსაც დასაკარგი რაღა ჰქონდა?! გაჰყვა ცოლად საკმაოდ შეძლებულ და სიმპატიურ ქვრივს. გაუზარდა ორი შვილი, თვითონაც გაუჩინა ბიჭი და ახლა ფასო ძალიან ბედნიერია! ისევ ისეთი ხალისიანი, ლაღი და წითელ–ლოყება ქალია – 30 წლის წინ რომ იყო.
ტარიელი კი, როგორც ვიცი დღემდე უცოლოა. თუმცა შვილი, რომელსაც „უწესო“ გოგოსგან ელოდებოდა, მაინც უღიარებია შვილად და გარკვეულ წილად მამობა გაუწევია....
აბა, მე რომ არ მეთქვა, განა გეცოდინებოდათ, რომ ფარცხანაყანებში, მაინც ამაყად დააბიჯებს, 50 წელს მიტანებული ერთი გემრიელი და მხიარული ქალი, რომელსაც ახლობლები ფასოს ვეძახით!

პ.ს. ტარიელის პიროვნების შესაფასებლად, ვფიქრობ ერთი სიტყვა ქართული ლექსიკონიდან ზედ გამოჭრილი იქნება! თუმცა, „ცუდი სიტყვისგან“ თავს შევიკავებ! :)))

მინდა...




სულის ხორცგან გამოსვლა მგონია, რომ ვიგრძენი...
ჩემს სხეულში თავისუფლად თითქოს ვეღარც ვინძრევი.
მინდა გავქრე, წამით მაინც, დავასვენო გონება,
მინდა, ცუთით მაინც მქონდეს სრულყოფილი ცხოვრება.
ცას მინდა, რომ გავსცდე ფრენით, ხელით ვიგრძნო ღრუბლები,
მერე, უკვე აღარასდროს აღარ მოვიღრუბლები.
მინდა, წვიმად გადავცვალო ჩემგან ღვრილი ცრემლები,
მინდა, მინდა, ჩემზე სწერდნენ პოეტები... მწერლები!
მინდა, ერთხელ მაინც მოვხვდე გამოგონილ ზღაპარში,
მინდა, სურვილს მისრულებდეს – ჯინი – ოქროს ლამპარში.
მინდა, ჩემი ოცნება მიხდებოდეს წამში,
მინდა, სახლი – ერთი ზღვასთან, მეორე კი მთაში.
მინდა, მინდა, ჯანმრთელობა და ულევი ჯანი,
მინდა, მქონდეს ქერა თმები და მაგარი ტანი!
მინდა, ჩიტებს ვეჟღურტულო იმათსავე ენით,
მინდა, შვილმა დამახრჩოს კოცნითა და ხვევნით.
მინდა, ჩემი დაკარგული მხარეცა და მიწაც,
„მშობლიურო ჩემო მიწავ“ – მეც შენს სახელს ვფიცავ.
მინდა, ჩაის დასალევად ვიხმო ვაჟა... ილია...
მინდა, მათთან განვიხილო დრო რომ გადაირია...
ბევრი გადავლილია...
ღმერთი გადაღლილია...
დედამიწა არ გაჩერდეს, აღარავინ ჩავიდეს!
მინდა, ვირი ხეზე ერთხელ, ხტუნვა–ხტუნვით ავიდეს!
პარასკევ დღეს, კატა შესწვდეს ძეხვს დაკიდულს მაღალზე,
მინდა არვინ გამეღობოს ჩემს გზაზე და სავალზე.
მინდა, ნაცარქექიამ არ აწამოს დევი,
მინდა, ისევ შუქის ხაზი მეორე და „ლევი“.
მინდა, ქვეყნად აღარავის აღარ ჰყავდეს „ჟიგული“,
მინდა, ძველი „გაგება“ – ქართული და „ჯიგრული“.
მინდა, ვინმემ მაჩუქოს 8 მარტს მართვის მოწმობა,
მინდა, ისევ ხდებოდეს სამსახურში „მოწყობა“.
მინდა, ყველას თვალზე შეშრეს ცრემლის თბილი ღვარი,
მინდა, ცუდმა მოგონებამ არ დატოვოს კვალი.
მინდა, თმები შევუღებო ჩვენს ჭაღარა თბილისს,
მინდა, შაშვის სტვენა ვნახო და ნახტომი ირმის.
მინდა, მინდა, მინდა ბევრი, მინდა სულთა ცხონება,
მინდა, სუფთად, ლაღად გავვლო დარჩენილი ცხოვრება!

Thursday, April 5, 2012

I Just wanna Live forever! - ანუ, მიქელ გაბრიელ გა***ი...


ხშირად, ძალიან ხშირად მიფიქრია სიკვდილზე... დღეს კი ეს თემა ჩემთვის იმაზე ახლოა ვიდრე ოდემე ყოფილა. 
 რატომ გვიღირს ქვეყანაზე მოსვლა იმად, რომ საბოლოოდ მიწაში ჭიებმა გვჯიჯგნონ?! რა უნდა შევქმნათ, რა გავაკეთეთოთ, რომ ჩვენი სახელი, სული ვუკვდავყოთ?! როგორ ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლეშივე დავსძლიოთ სიკვდილი?! რა რჩება ჩვენგან როცა მივდივართ?!  
ნუთუ სამართლიანია გააჩინო შვილი – რომელსაც შენ წირავ (გაუცნობიერებლად) ათასი ტანჯვისთვის, წამებისთვის, იმედგაცრუებითვის, ტყუილისთვის, ბოროტებისთვის, შურისთვის და საბოლოოდ სიკვდილისთვის.
დღეს–ხვალ–ზეგ, ოდესღაც ყველა მოვკვდებით და გავუყვებით იმ განთქმულ შავ და გრძელ გვირაბს. ალბათ, ეს იქნება უკანასკნელი გზა, რომელსაც გავივლით... გვირაბის ბოლოს, როგორც ვიცით შუქია! იმ შუქში, (ჩემი აზრით) სამი წვერიანი ბაბუა ზის... მათ თავთან კი უუუუზარმაზარი LCD ტელევიზორი ჰკიდია.  ალბათ ვიდგებით ატუზული, შეშინებული, გაყინული და გაფართოვებული თვალებით მივაშტერდებით ეკრანს. იქ გავა სპეციალური, ჩვენთვის პერსონალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ასახული იქნება ჩვენი დაბადებიდან – გვირაბამდე განვლილი ყველა გზა და მნიშვნელოვანი „ივენთი“.   ეჰ... თურმე რამდენი რამ დაგვვიწყნია, რამდენი მიგვიქარავს... რაგაცის შეგვრცხვება და იმედია, რაღაცით ვიამაყებთ...
ფილმის მოკლე მეტრაჟით კარგად სჩანს, თუ რაოდენ მოკლე ყოფილა წუთისოფელი. მართლაც წუთი...
ფილმის ნახვის შემდეგ, მოეწყობა დებატები, განხილვა... ჩვენს შეცდომებს – რასაც გონივრულ და დამაჯერებელ ახსნას მოვუძებნით,  მიგვეტევება. ხოლო, რასაც ვერ – საჯარიმო ქულასავით მიგვეწერება.
შემდეგ, ამ ქულებს დააჯამებს კომპეტენტური ჟიური სამი ბაბუის თაოსნობით და გამოგვიტანენ კიდეც განაჩენს: წავიდეთ მარჯვნივ და ზევით, თუ მარცხნივ და ქვევით...
ეს ალბათ იქნება ყველაზე რთული პროცედურა რაც კი ოდესმე გაგვივლია... იმაზე უფრო დამღლელი, ვიდრე ბანკის რიგში დგომაა და იმაზე  უფრო საშიში, ვიდრე სტომატოლოგთან ვიზიტი.
აი მითხარით, რა გავაკეთო და როგორ, რომ გვირაბს ავცდე? თუ გვირაბს ვერ ავცდი, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ სამი ბაბუის რისხვას გადავურჩე და წავიდე მარჯვნივ და ზევით?! 10 ცნება დავიცვა? – ვეერ, უკვე შემომერღვა რამდენიმე მათგანი... 
ან, იქნებ უკვდავების წყარო მომეძებნა, დამემარცხებინა ცხრა–თავიანი  გველეშაპი და ვყოფილიყავი მუდმივი.... მაგრამ, ეგეც რთული მოსახერხებელია...
მოკლედ, მეშინია! ძალიან მეშინია სიკვდილის! ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და დღეს კი ეს თემა ჩემთვის იმაზე უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა!

Sunday, March 25, 2012

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!!!


რა არის სილამაზე? – არის ეს თანდაყოლილი ღვთის საჩუქარი? პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარი? თუ, უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის შედეგი?
ვუცქერთ ტელევიზორში, ინტერნეტ საიტებსა თუ ჟურნალ–გაზეთებში მსოფლიო ვარსკვლავებს და ხან „თეთრი“ და ხანაც „შავი“ შურით ლამის გულზე ვსკდებით.  მათ ხომ ისეთი მოვლილი სახის კანი, ისეთი ხარისხიანი და ლამაზი თმა, ბრტყელი მუცლები და ლამაზი სხეული აქვთ! ისინი, ხომ თითქმის სრულყოფილებანი არიან!
შემდეგ იხედები სარკეში! თითქოს უფრო გამადიდებელი შუშით უწყებ საკუთარ თავს შეფასებას. და მათთან შედარებით შენს თავში უამრავს ნაკლს პოულობ!  – თუმცა საქმე ესე რთულად როდია? მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს!  მეც, შენც და ნებისმიერ ცნობილ ვარსკვლავს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.სწორედ, ამ ყველაფრის კომბინაციის ხარჯზე ვართ გამორჩეულები და განსაკუთრებულები.  ნაკლი უკლებლივ ყველას გვაქვს. ერთადერთი უნაკლო, კი ამ ცოდვილ მიწაზე ვინც იყო,  კარგად ვიცით!
იქნებ სილამაზე – ლამაზი სულია! თუ შენ ხარ სუფთა შინაგანად. თუკი ადამიანებს ყოველდღე უნაწილებ ულევ სითბოსა და სიყვარულს, თუ გიყვარს სიცოცხლე და შენს შინაგან სამყაროში ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს – მაშინ, შენ ალბათ ასხივებ სილამაზეს. 
თუმცა, მამაკაცები ბავშვებივით არიან! რაც ლამაზად და თვალისმომჭრელად ბრწყინავს სწორედ ის ჰგონიათ ოქრო და მომენტალურად იწყებენ ამ ძვირფასეულობის მოსაპოვებლად ბრძოლას, იმის შიშით, რომ ვიღაცამ არ წაართვას. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ხელში შეიძლება ბიჟუტერია შერჩეთ, რომელსაც დროთა განმავლობაში გადაუვა ის ბრწყინვალე ფერი და მათგან იაფფასიანი, გახუნებული მეტალი დარჩება, რომელიც თუ არ შეღებე და თუ ისევ ოქროში არ ამოავლე აღარაფრად ვარგა!
მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა საკუთარ გარეგნობას არ უნდა მიხედო! უნდა მიხედო და მოუარო საკუთარ „მე“–ს, პირველ რიგში შენი სიამუვნებისთვის!  უნდა აკონტროლო წონაც, სიარულიც, თმის ხარისხიც...  უნდა დაიცვა დიეტაც, როცა ამის საჭიროება არსებობს და უნდა მიმართო პლასტიკურ ქირურგსაც, თუ, რაღა თქმა უნდა, ამის საშუალება  გაქვს. იცოდე „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ოპერაცია  გაიკეთა შორენა ბეგაშვილმა – თუ ის დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურება!

ასეა, თუ ისე, გარეგნული სილამაზე მაინც წარმავალია! გავა წლები და რა დარჩება ჩვენი ნავარჯიშევი სხეულისგან და დაბერილი ტუჩისგან?! დაგვრჩება დამჭკნარი, დაბერებული ანარეკლი ძველი სარკიდან. მაგრამ, მაინც! მაინც ვიზრუნოთ გარეგნულ სილამაზეზე და არ დავივიწყოთ ჩვენი სული! „ლამაზ სხეულში – ლამაზი სულია“ –ო ნათქვამია და ჩვენც გავიხადოთ ეს ანდაზა ჩვენი ცხოვრების ერთერთ ძირითად ღერძად!
ე.ი.  სილამაზე ყოფილა: თანდაყოლილი ღვთის საჩუქარიც, პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარიც და უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის შედეგიც! მთავარია სურვილი, მონდომება და პატარა მსხვერპლი – რადგან „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“





Beyonce - მე აღფრთოვანებაში მოვყავარ მის გრაციოზულობას. თუმცა,  მე რომ მაგ წონის პატრონი ვიყო , ალბათ თავს მოვიკლავდი!

Britney Spears –ეს არც მაკიაჟით მომწონს და რა თქმა უნდა არც მის გარეშე!

 
 
J.Lo - ჩემი აზრით, საქართველოსი "ყრია" მისნაირი გარეგნობის მქონე ქალები!

 
 
BARBARA - დაბერდა... რა ქნას!

Add caption









ესენი უმაკიაჟოდაც ლამაზები არიან:

Angelina Jolie


Jessica Alba
შენ ! :)



Saturday, March 24, 2012

როგორ ვიცხოვროთ იაფად?!


ფულით  ყველაფერს ვერ იყიდი! – სამაგიეროდ, იყიდი თითქმის ყველაფერს!
დღეს დილითაც ფულზე ფიქრში გავეღვიძა – ნუ უკვე მარაზმია! არ შეიძლება მუდმივად ვფიქრობდე და ვოცნებობდე ერთი და იგივე რამეზე! ისე ვარ მისი შოვნის წყურვილით შეპყრობილი, რომ აღარ ვიცი რა ხერხს მივმართო! თავში ჩამომწკრივებული მაქვს ბიზნეს–იდეების მთელი რიგი, თუმცა ვერ ვახერხებ ვერც ერთის განხორციელებას, რადგან მსჭირდება ერთი რაღაც – ფული!
ამას წინათ, ერთ–ერთ საიტზე აღმოვაჩინე შარვალი, ზედა და პატარა ქლათჩი. მთელი ეს „სეტი“ ძალიან მომეწონა და ვიფიქრე იქნებ სეილზე გამოვიწეროთქო, რადგან არა–სეილზე ვიცოდი ვერაფრით გავწვდებოდი.
მაღალ ფასს ასეც და ისეც ველოდი, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და როცა მათი ფასები ვნახე კინაღამ ტირილი დავიწყე:  
 Fendi-ს ძალიან სადა, ყვითელი ბლუზა, გრძელი სახელოებით – $790!!
Vionnet–ის (არის ესეთი ბრენდი) – ვარდისფერი, კოჭთან ჩავიწროვებული შარვალი, სულ რაღაც –  $940!!
ხოლო, Dooney & Bourke- ის ფირუზისფერი, პატარა ქლათჩი – $198!!
მიდოდა... მინდოდა მეტირა, მეყვირა, მეჩხუბა! მინდოდა გამელანძღა ყველა ვისაც ამ – ჩემთვის  ფუფუნების საგნებზე – ხელი მიუწვდება. მაგრამ, თავი ხელში ავიყვანე! მშვიდად მოვშორდი ჩემს ლეპტოპს, მივედი ჩემს ჩანთამდე და ჩავხედე ჩემს საფულეს. საფულეში კარგად მივიჩხრიკ–მოვიჩხრიკე და მოვაგროვე მთეეელი 100 ლარი!
ჰმ... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!
შოპინგის სურვილით შეპყრობილმა, არც მახსოვს რა და როგორ ჩავიცვი და ფეხით დავიარე თბილისის თითქმის ყველა მაღაზია და ჰოი, საოცრებავ! თქვენ წარმოიდგინეთ ვიპოვნე! დიახ, დიახ! ვიპოვე ჩემი აწყობილი „სეტი“.  ნუ მთლად ის არ იყო თუმცა ერთმანეთს საოცრად ჰგვანან! მე ეს შევძელი და არც თუ ისე ძვირი დამიჯდა ძვირფასი ბრენდებისთვის შემცვლელის პოვნა! იმ დღეს  უუბედნიერესი ვიყავი! სახლში გამარჯვებული და ამაყი ვბრუნდებოდი და თან მხიარულად მოვაფრიალებდი პარკებს, ზედ იაფფასიანი მაღაზიების სახელების წარწერით. 
იმ დღეს შევიძინე:
 ყვითელი, ძალიან სადა ბლუზა, გრძელი მკლავებით, თუმცა გაურკვეველი ფირმის – 15 ლარი.
ვარდისფერი, ძალიან ლამაზი, ზაფხულის შარვალი, ასევე გაურკვეველი ფირმის – 20 ლარი.
და ფირუზისფერი Salvatore Ferragamo -ს ძალიან ლამაზი რეპლიკა ქლათჩი – 40 ლარი.
15 + 20 + 40 = 75 – 75 ლარად ჩავიცვი და დავიხურე! და რა კარგია, ფული იმისთვისაც მომრჩა სალონში შევსულიყავი და ფრჩხილები წესრიგში მომეყვანა!
აი, ასე! „ვინც ეძებს – ყოველთვის პოულობსო“ – თურმე მართალი ყოფილა! ამიტომ, როცა „თავს ზემოთ ძალა არ არის“ მაშინ, „საბანი იქამდე უნდა დაიხურო სადამდეც გაგწვდებაო“! :)) მიხვდიით! ანუუ, „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო – სკამი მიიდგა და ისე ჩამოიღოო!“ – ვოტ ტაკ!




ინტერნეტში ნანახი:
















ჩემი "2 ლარიანები" :))))